Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ აზერბაიჯანს გადასცა ოპოზიციონერი ბლოგერი


ელვინ ისაევი
ელვინ ისაევი

უკრაინიდან აზერბაიჯანში დეპორტირებულია ოპოზიციონერი ბლოგერი ელვინ ისაევი. კიევიდან მისი გაუჩინარების შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები 12 დეკემბერს წერდნენ, ორი დღის შემდეგ კი გავრცელდა აზერბაიჯანის მიგრაციის სამსახურის განცხადება, საიდანაც გაირკვა, რომ ელვინ ისაევი დეპორტირებულია უკრაინის მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო.

ოპოზიციონერი ბლოგერი იზოლატორში მოათავსეს ბაქოს სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 22 აგვისტოს შეფარდებული წინასწარი პატიმრობის საფუძველზე. ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლება არაფერს იუწყება იმის შესახებ, თუ რაში სდებენ ბრალს ელვინ ისაევს.

უკრაინული მედია ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერის დეპორტაცია განხორციელდა ბაქოში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის წინ, რომელიც 16 დეკემბერს იწყება.

ელვინ ისაევი 90-იანი წლების ბოლოდან რუსეთში ცხოვრობდა. ბლოგერი წერდა აზერბაიჯანში არსებული კორუფციის შესახებ და მკაცრად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს, რომელსაც დიქტატორს უწოდებდა.

ელვინ ისაევს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა, 2019 წლის აგვისტოში სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ მისი პასპორტი გაყალბებულად მიიჩნია. აზერბაიჯანში დეპორტაციის მიზნით, ელვინ ისაევი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის განკუთვნილ იზოლატორში მოათავსეს. თუმცა, სექტემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს აუკრძალა აზერბაიჯანისთვის ბლოგერის გადაცემა. 2019 წლის სექტემბრის ბოლოს ელვინ ისაევი რუსეთიდან უკრაინაში გაემგზავრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG