Accessibility links

ახალი ამბები

„შეცვალემ“ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთწლიანი საქმიანობა აქციით გააპროტესტა

„ზურაბიშვილი - ბიძინას დანაშაული“, - ამ სლოგანით გაიმართა მოძრაობა „შეცვალეს“ საპროტესტო აქცია სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია. კონფერენციის თემაა „დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში. მას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს „აღსაყდრების“ პირველი წელი „მიულოცეს“ და ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეები გაახსენეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ფარულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთი წელი სამარცხვინოა საქართველოს ისტორიაში:

„მოვედით, რომ მივულოცოთ მას ეს სამარცხვინო ერთი წელი. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ერთი წელი. მოვუტანეთ საქართველოს კონსტიტუცია, რომ ვაგრძნობინოთ მას და ვუთხრათ, რომ ის უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციის დაცვას, როგორც მან დადებულ ფიცში აღნიშნა და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გატარებას. სალომე ზურაბიშვილი არ არის ქართველი ხალხის პრეზიდენტი, ის არის ბიძინა ივანიშვილის დანაშაული ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს გაიმართა. ინაუგურაციის ცერემონიალი თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ეზოში მოეწყო.

ყველა ახალი ამბავი

აშშ-ის არმია: 11 ამერიკელ სამხედროს ჩაუტარდა მკურნალობა 8 იანვარს ირანის თავდასხმის შემდეგ

ალ-ასადის სამხედრო ბაზა 2020 წლის 8 იანვრის თავდასხმის შემდეგ

აშშ-ის არმია აცხადებს, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების 11-მა მოსამსახურემ გაიარა მკურნალობა, რადგან მათ ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდათ ერაყში, სამხედრო ბაზაზე 8 იანვრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის დროს „ამერიკელთაგან არავინ დაზიანებულა“.

მართალია, აშშ-ის არც ერთი სამხედრო არ მოუკლავთ 8 იანვრის თავდასხმისას ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, არაერთს დასჭირდა მკურნალობა აფეთქების შედეგად ტვინის შერყევის სიმპტომების გამო და ისინი ახლაც კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, თქვა 16 იანვარს კაპიტანმა ბილ ურბანმა, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა. თავდასხმის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჩანს ირანი გაჩერდა“ მას მერე, რაც თეირანმა განახორციელა ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა ერაყის ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.

ირანის მხრიდან იერიში განხორციელდა აშშ-ის საჰაერო თავდასხმის დროს ერაყის აეროპორტში ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მოკვლის სამაგიეროდ.

ტყვიით მოკლული კუტოიანი მანამდე არც მოწმედ და არც ეჭვმიტანილად არ დაუკითხავთ

სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გეორგი კუტოიანი სომხეთის დედაქალაქ ერევნის ერთ ბინაში მკვდარი ნახეს. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის თანახმად, კუტოიანის გვამი ნახეს ერევნის ჩრდილოეთში, საცხოვრებელი არეალის ერთ ბინაში. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან.

საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, ნაირა ჰარუთიუნიანმა ფეისბუკით გაავრცელა ეს ცნობა. მას არ განუმარტავს, 38 წლის კუტოიანმა თავი მოიკლა თუ ვინმემ ესროლა.

მოგვიანებით, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, არტურ მელიქიანმა განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით.

მაგრამ, თქვა მელიქიანმა, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიების სხვა მიმართულებასაც არ განვიხილავთ, მათ შორის, მკვლელობის და მკვლელობის შენიღბვის ჩათვლით. მანვე განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იყო 40-ზე მეტი მასრა და ტყვია.


განათლებით იურისტი, კუტოიანი სარქისიანის ასისტენტად მუშაობდა 2011 წლიდან, სანამ, მას, 2016 წელს, მოულოდნელად არ აირჩევდნენ უშიშროების სამსახურის ხელმღვანელად.

ის დაუყოვნებლივ იქნა თანამდებობიდან განთავისუფლებული 2018 წლის მაისში, როცა გამოსვლების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. კუტოიანს მას მერე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია და მანამდეც თავშეკავებული და შეუმჩნეველი ფიგურა იყო.

სარქისიანმა გააკეთა განცხადება კუტოიანის მკვლელობის შესახებ და თქვა, რომ გამოძიება გულმოდგინედ უნდა წარიმართოს „საზოგადოების კონტროლის ქვეშ“

კუტოიანი უშიშროების სფეროს მაღალი რანგის ოფიციალური მეორე პირია, რომელიც ბოლო ოთხ თვეში მოკლეს.

ჰაიაკ ჰარუთიუნიანი, სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მისი აგარაკზე ნახეს მოკლული სექტემბერში. გამოძიების თანახმად, მას ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი და გამომძიებლები თვითმკვლელობას ვარაუდობენ. სიკვდილამდე ჰარუთიუნიანი არაერთხელ დაჰკითხეს 2008 წლის არჩევნების შემდგომი ძალადობის თაობაზე.

საგანგებო საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც იძიებს ამ საქმეს, არმენპრესს უთხრა, რომ კუტოიანი არასოდეს დაუკითხავთ არც როგორც მოწმე და არც როგორც ეჭვმიტანილი.

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები დასრულდა

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა.

აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

კანდიდატების სია ასეთია:

პირველი კანდიდატი − ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე წარადგინეს ორგანიზაციებმა: ა(ა)იპ ,,ანტიკორუფციული უსაფრთხოების და ხარისხის აუდიტის სამსახური”, ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,,მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“.

მეორე კანდიდატი − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი რაულ გამისონია, წარადგინა შპს ,,ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიურმა და სამეცნიერო პერსონალმა.

მესამე კანდიდატი − შპს ,კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია წარადგინა შპს ,,კავკასიის უნივერსიტეტმა“.

მეოთხე კანდიდატი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი პაატა გაბელია წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

მეხუთე კანდიდატი - შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი ფიქრია ზირაქაშვილი წარადგინა ა(ა)იპ „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა“.

მეექვსე კანდიდატი - იურისტი ვალერიან ვაჭარაძე წარადგინა იურიდიულმა კომპანიამ ,,ჯეი ემ ჯი და პარტნიორები“.

მეშვიდე კანდიდატმა - იურისტმა მერაბ გამყრელიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

მერვე კანდიდატმა - იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

მეცხრე კანდიდატი -იურისტი ირაკლი შოთაძე წარადგინა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“.

მეათე კანდიდატს - იურისტ დავით ზირაქაშვილს რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.

მეთერთმეტე კანდიდატი - იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილი წარადგინა ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“.

მეთორმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“.

მეცამეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .

მეთოთხმეტე კანდიდატი - იურისტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი წარადგინა სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ .

მეთხუთმეტე კანდიდატი - იურისტი გელა ჩივაძე წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ "დამცველი".

მეთექვსმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა რამაზ ჩინჩალაძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

მეჩვიდმეტე კანდიდატმა - ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ საპროკურორო საბჭოს პირადად მომართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით.

საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

თბილისის ზოოპარკი: ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ

„გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები“, - წერს „ფეისბუკზე“ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია.

როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, „ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები [ჩიჩილაკს] ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ - სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს“.

სერგი კაპანაძე: რუსეთს ერთადერთ ბერკეტად დარჩა მუქარა

“არც ამერიკა, არც ნატო და არც რომელიმე დასავლელი პარტნიორი არ აქეზებს არც ერთ ქვეყანას რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭებისკენ“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას.

„სამწუხაროდ, რუსეთში და კონკრეტულად, კრემლში არსებობს ასეთი იდეოლოგიური ხაზი ბოლო 30 წელია, რომ ნებისმიერი მათი მეზობელი ქვეყანა, რომელიც ღიად სუვერენიტეტის დათმობას და რუსეთისთვის ჩაბარებას არ არჩევს და დასავლურ სტრუქტურებში ინტრეგრაციას არჩევს, მათ მიერ აღქიმება მტრად და აღიქმება სახელმწიფოდ, რომელსაც უნდა ებრძოლო და მოუწყო პროვოკაციები“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ამ რიტორიკის გაგრძელებად მიიჩნევს სერგი კაპანაძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია ფრენების აკრძალის გამო თბილისისთვის ჭკუის სწავლებაზე.

„რუსეთს რომელმაც ვერ მოახერხა ვერც ერთი მიმზიდველი მოდელის შექმნა მის გარშემო მყოფი ქვეყნებისთვის, ერთადერთ ბერკეტად დარჩა მუქარა“, - ამბობს სერგი კაპანაძე.

მისი თქმით, მიუხედავად რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი საქართველოს ხელისუფლებისა, ქვეყანაში მაინც რჩება ძლიარად პროდასავლური განწყობების მქონე საზოგადოება, რომელსაც „არ უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობები“.

„რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფრენების აკძალვაზე უფრო მტკივნეული ნაბიჯებიც შეიძლება გადადგას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მზაობა და პასუხი უნდა იყოს იმგვარი, რომ ეს საზოგადოებისთვის ნაკლები ზიანის მომტანი იყოს“,- მიაჩნია სერგი კაპანაძეს.

ის ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ირიბად ხელისუფლების მხარდამჭერია ხოლმე, „ვინაიდან ნათელია რომელი პოლიტიკური ძალაა მისთვის მისაღები და რომელი არა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რუსეთი აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან“.

უწყების თანახმად, რუსეთი „ინარჩუნებს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზაციის უცვლელ ინტერესს“. თუმცა ურთიერთობების ნორმალიზებაზე „უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივლისის პროვოკაცია“, რის პასუხადაც რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. „მოსკოვში მოელიან, რომ მომხდარი გაკვეთილი იქნება თბილისისთვის.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვს. საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა, რუსეთის დელეგაცია კი იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

The Insider-ი: სერგეი ლავროვს 600 მილიონი რუბლის უძრავი ქონება აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, სერგეი ლავროვი ფლობს უძრავ ქონებას, რომელიც შეფასებულია 600 მილიონ რუბლად (10 მილიონ დოლარად), ამტკიცებს გამოცემა The Insider-ი. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მისი შემოსავალი. თუ ვივარაუდებთ, რომ ქონება მან შეიძინა საბაზრო ფასებში, მის შესასყიდად მინისტრის 120 წლის ხელფასი იქნებოდა საჭირო.

ლავროვი 16 წელია რუსეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობს. The Insider-ის თანახმად, მას ეკუთვნის სამსართულიანი სახლი, რომლის ფართობი 499 კვადრატული მეტრია თავისი მიწით სოფელ ჟუკოვკაში, რიუბლოვო-უსპენსკის მაგისტრალზე.

იქ ადრე სახელმწიფო აგარაკები იყო და ახლა მოსკოვის გარეუბნის ყველაზე ძვირი არეალია. The Insider-იის შეფასებით, მხოლოდ ეს სახლი შეიძლება ღირდეს 300 მილიონი რუბლი (5 მილიონი დოლარი).

გამოცემამ ასევე მიაგნო ლავროვის სხვა, 247 კვადრატული მეტრიან ბინას მოსკოვის ცენტრში, პუშკინის სახელობის მეტროს სადგურთან. ამ ბინის საბაზრო ფასიც 300 მილიონი რუბლია (5 მილიონი დოლარი).

ბინა ლავროვს აჩუქა შვილმა, ეკატერინა ლავროვამ, რომელმაც ბინა მოიპოვა მის წინა მფლობელთან საცხოვრებლის გაცვლის შედეგად. ლავროვის ქალიშვილი ბიზნესით არასოდეს იყო დაკავებული.

თვითონ ლავროვს კომენტარი ამ ინფორმაციაზე არ გაუკეთებია.

რუსეთის პრემიერის, დმიტრი მედვედევის გადადგომის შედეგ, რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, სერგეი ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

ირაკლი ბერაია მოსკოვის განცხადებაზე: ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მისი ეს კომენტარი პასუხია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე. რომელშიც ნათქვამია - „რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან“.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია რადიო თავისუფლებასთან საკითხის კომენტირებისას ამბობს, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„საქართველოს ნატოში გაწევრება და ამ მიზნით განხორციელებული აქტივობები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრება მხოლოდ საქართველოს და ნატოს მოკავშირეების გადასაწყვეტია და ვერცერთი სხვა სუბიექტი, მიუხედავად სამხედრო-პოლიტიკური ამბიციებისა თუ ბირთვული არსენალის სიდიდისა, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს“, - ამბობს ირაკლი ბერაია.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კიდევ ერთ ნაწილს. უწყების თანახმად, რუსეთი „ინარჩუნებს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზაციის უცვლელ ინტერესს“, თუმცა ურთიერთობების ნორმალიზებაზე „უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივლისის პროვოკაცია“, რის პასუხადაც რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. „მოსკოვში მოელიან, რომ მომხდარი გაკვეთილი იქნება თბილისისთვის“.

ამის თაობაზე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ „ურთიერთობების ნორმალიზების მექანიზმები მთლიანად რუსეთის ხელშია და ამ მექანიზმების ასამოქმედებლად რუსეთმა ის ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითაა გათვალისწინებული“.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვს. საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა, რუსეთის დელეგაცია კი იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმა

ზურაბ ჯაფარიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ზურაბ ჯაფარიძეს სახდელის სახედ 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

18 ნოემბერს აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა 37 პირი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები, აგრეთვე, პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს.

აშშ და თალიბანი აგრძელებენ მოლაპარაკებას ხელშეკრულების გარშემო

ავღანეთში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი, ზალმაი ხალილზადე დოჰაში, ყატარში, 2019 წლის დეკემბერი

თალიბანის წარმომადგენლის განცხადებით, დაჯგუფებასა და აშშ-ის მოლაპარაკების გუნდს შორის ყატარში ორი დღის განმავლობაში იმართებოდა მოლაპარაკება. დელეგაციებს პროდუქტიული მოლაპარაკება ჰქონდათ გუშინ და დღეს, დაწერა ტვიტერით თალიბანის წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰიდმა და დასძინა, რომ მოლაპარაკება რამდენიმე დღე გაგრძელდება და მხარეები სისტემატურად გაუცვლიან ერთმანეთს ინფორმაციას სხვადასხვა ინტერვალით.

შაჰიდის თქმით, მოლაპარაკება იყო „სასარგებლო“ და მხარეები ერთობლივი შეთანხმების და შესაბამისი ცერემონიის გარშემო მსჯელობენ. თალიბანის წარმომადგენელს დეტალები არ გაუმხელია.

აშშ-ის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუვრცელებიათ. როიტერსს მოჰყავს ორი უცნობი წყაროს ნათქვამი, რომ თალიბანი დათანხმდა აშშ-ის ჯარებთან 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ავღანეთის არმიასთან დაპირისპირების შემცირებასა და თათბირს ავღანეთის მთავრობის ოფიციალურ პირებთან, თუ შეთანხმებას მიაღწევს აშშ-თან დოჰაში. მიმომხილველები თვლიან, რომ თუ შეთანხმება მიღწეულ იქნა, შეიძლება გაჩნდეს ავღანეთის კონფლიქტის ხანგრძლივად მოგვარების იმედი.

პრეზიდენტმა ჩიჩილაკის შესახებ ინიციატივა ნიკოლოზ ანთიძესთან განიხილა

ჩიჩილაკისა და „კალანდობის“ შესახებ საკუთარი ინიციატივები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ანთიძესთან შეხვედრაზე.

„ძალიან კარგი ინიციატივაა ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად“, - თქვა შეხვედრის შემდეგ ნიკოლოზ ანთიძემ.

ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, ჩიჩილაკი და „კალანდობა" საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს. ამ ინიციატივის შესახებ მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში „კალანდობა 2020“-ის საზეიმო ღონისძიებების დასრულებისას განაცხადა:

„მიჭირავს ხელში ჩიჩილაკი, რომელიც ასევე დგას პრეზიდენტის სასახლის წინ. ეს არის არაჩვეულებრივი ასევე გურული ტრადიცია, მაგრამ რომელიც მოედო მთელ საქართველოს. და მე მგონი, რომ ეს არის უძლიერესი ტრადიცია.

მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და საერთოდ გურული „კალანდობა“ შევიტანოთ ჩვენ არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკოში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის ეკოლოგიური“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თამარ მეარაყიშვილის საქმე ხელახალ განხილვაში დააბრუნეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, რომელსაც ვიოლეტა ხაჩიროვა ხელმძღვანელობდა, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე პროკურატურის საჩივარი განიხილა. კოლეგიამ გადახედა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენს, რომლითაც თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს.

მოსამართლეთა კოლეგიამ თამარ მეარაყიშვილს არ მოუხსნა წარდგენილი ბრალდებები, რომელიც ეხება თამარ მეარაყიშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პარალელურად და, აგრეთვე, ამავე გაყალბებული ე.წ. პასპორტის გამოყენებას.

კოლეგიამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა ცხინვალის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სამოქალაქო აქტივისტს ერთი ბრალდება (მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება) მოუხსნა.

საბოლოოდ, მოსამართლეთა კოლეგიამ მეარაყიშვილის საქმის პირველ ინსტანციაში ხელახალი განხილვისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც თამარ მეარაყიშვილმა „ეხო კავკაზას“ უთხრა, ამ გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

16 იანვარს 2 წელი და 6 თვე გავიდა თამარ მეარაყიშვილის მიმართ ბრალის წარდგენიდან. ამ ხნის განმავლობაში მას დარღვეული აქვს გადაადგილების თავისუფლება და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფება. როგორც მეარაყიშვილი ამბობს, გამოძიებისთვის მიუღებელია მისი სამოქალაქო პოზიცია და „ეხო კავკაზასთან“ ურთიერთობა.

ლავროვმა გლობალური დაძაბულობის ზრდაში ვაშინგტონის „აგრესიული“ პოლიტიკა დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის „აგრესიული“ პოლიტიკა გლობალური დაძაბულობის ზრდაში დაადანაშაულა და ვაშინგტონსა და თეირანს მათ შორის შუღლის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

17 იანვარს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ლავროვმა ირანის თავდაცვის სისტემის მიერ უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას უწოდა „ძალიან სერიოზული წითელი ალამი“ და გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ ვითარება უნდა დამშვიდდეს „მუდმივი მუქარის“ მოხმობის ნაცვლად. „ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის ზრდა რეგიონში ვერცერთი კონფლიქტის მოგვარებას ვერ შეუწყობს ხელს“, - თქვა ლავროვმა.

უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და 176 ადამიანი შეიწირა 8 იანვარს, მაშინ, როცა ირანი და აშშ ლამის ომის გზას ადგნენ.

ტრაგედია მოხდა რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ ირანმა ბალისტიკური რაკეტები დაუშინა სამხედრო ბაზებს, სადაც აშშ-ის ძალები იმყოფებიან. ეს იყო პასუხი აშშ-ის მიერ ერაყში ირანის მაღალი რანგის გენერლის, სარდალ ყასემ სოლეიმანის მოკვლაზე საჰაერო თავდასხმის გზით.

„რუსთავი 2“-ის წილზე დავა სასამართლომ არ განიხილა და ყადაღაც მოხსნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი განუხილველად დატოვა, - ამის თაობაზე განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა.

საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანიის 60 %-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დაწყებულ დავას.

„სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა“.

ამის გათვალისწინებით, სასამართლომ გააუქმა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორის ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილზე დადებული ყადაღა.

„სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა გასული წლის 17 ოქტომბერს შეიტანეს. მათი განცხადებით, 2004 წელს გაფორმებული „ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ 60%-იანი წილი პაატა კარსანაძეს გადასცეს, მათ თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა. პაატა კარსანაძემ მათგან ნაყიდი წილი იმავე დღეს მიჰყიდა ქიბარ ხალვაშს“.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის წარმომადგენლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ან გაასაჩივრებენ, ან სარჩელს ხელახლა შეიტანენ. ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც კოჟორიძე განუმარტავს რადიო თავისუფლებას, სარჩელში ორი მოპასუხე იყო, ძირითადი მოპასუხე ქიბარ ხალვაში და მეორე მოპასუხე - პაატა კარსანიძე, ნომინალური ფიგურა, რომელმაც ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალისგან მიღებული 60%-იანი წილი იმავე დღეს გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს.

„ქიბარ ხალვაშს ჩაბარდა სარჩელი და მან სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი და გაასაჩივეა დაყადაღება და ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ყადაღა. მოულოდნელად საქალაქო სასმართლომ, იმ მოტივით, რომ პაატა კარსანიძეს ვერ ჩაბარდა სარჩელი, ფოსტამ რომ ვერ ჩააბარა მის რეგისტირებულ მისამართლეზე სარჩელი, ამ მოტივით, მთლიანად სარჩელი დატოვა განუხილველი. ანუ მხოლოდ კარსანიძის ნაწილში კი არ დატოვა განუხილველი, მთლიანად განუხილველი დატოვა, რაც არასწორი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.

მისი სიტყვებით, „ფორმალურ-სამართლებრივი ტრიუკები ვერ შეცვლის მოცემულობას, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაუბრუნდეს თავის კანონიერ მესაკუთრეს“.

სარჩელს ხანდაზმულად მიიჩნევდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

პროკურატურა: ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით თურქეთს 2018 წლის 27 ნოემბერს მივმართეთ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტებას აკეთებენ ე.წ. კანონიერი ქურდის, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მინდია ლავასოღლის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით.

პროკურატურის თანახმად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა:

„დღეის მდგომარეობით საქართველოს გენერალურ პროკურატურას თურქული მხარისგან არ მიუღია ოფიციალური პასუხი ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.

გარდა აღნიშნულისა, საექსტრადიციო პროცედურების მიმდინარეობისას თურქულ მხარეს ქართველი კოლეგებისგან ასევე არ გამოუთხოვია რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია მინდია ლავასოღლის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

მედიის ცნობით, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე უარს იტყვის, ანკარას მისი გათავისუფლება მოუწევს.

2018 წლის ივლისში, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო „კანონიერ ქურდობაში“, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ინტერპოლის მიერ ძებნილი მინდია გორაძე 2018 წელს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს.

2019 წლის აპრილში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მუხლებით ლავასოღლის დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ერევანში ტყვიით მოკლული იპოვეს სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი

გეორგი კუტოიანი, სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, 2016 წელი

სომხეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გეორგი კუტოიანი, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ერთ ბინაში მოკლული იპოვეს. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის თანახმად, კუტოიანის გვამი ნახეს ერევნის ჩრდილოეთში, საცხოვრებელი არეალის ერთ ბინაში 17 იანვარს. მას მიყენებული ჰქონდა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან.

გამომძიებელთა ჯგუფი ადგილზეა, როგორც რადიო თავისუფლების სომხური რედაქცია იტყობინება, ჯერჯერობით სხვა დეტალი არ ვრცელდება. 38 წლის კუტოიანი 2012-დან 2018 წლამდე სომხეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ედგა სათავეში.

რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი მოელის, რომ აშშ და ნატო საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ არ წააქეზებენ

რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ, მედიის შეკითხვებზე წინასწარ მომზადებულ პასუხებში. ისინი არ გაუხმოვანებიათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სერგეი ლავროვის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2019 წლის მუშაობის შედეგებს ეხებოდა, იტყობინება რუსეთის სააგენტო „ტასი“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან“.

რუსეთის დიპლომატიური უწყება მოელის, რომ „აშშ და ნატო სერიოზულად მოეკიდებიან ჩვენს გაფრთხილებებს და არსებითად, შეწყვეტენ რუსეთთან კონფრონტაციისკენ თბილისის წაქეზებას“.

რუსეთი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „ინარჩუნებს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზაციის უცვლელ ინტერესს“.

რუსეთის საგარეო უწყება მიუთითებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზებაზე „უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივლისის პროვოკაცია“, რის პასუხადაც რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. სამინისტროს საიტზე წაიკითხავთ: მოსკოვში მოელიან, რომ მომხდარი გაკვეთილი იქნება თბილისისთვის.

კელი დეგნანი: ელჩად მსახური უნიკალური შანსია მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიაზე საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობათა სიღრმესა და იდეალების თანხვედრაზე ისაუბრა, საქართველოს პროგრესსა და რუსეთის ოკუპაციას გაუსვა ხაზი.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს, დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი სიტყვებით, საქართველო და შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან და შეერთებული შტატებისთვის პატივია ქართველი მეგობრების გვერდით დგომა.

„ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მან ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაში დარწმუნდა აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძესა და მის მეუღლესთან სტუმრობისას.

„ახლა უკვე შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან. და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი სიტყვებით, ელჩად მსახური უნიკალური შანსია მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად.

კელი დეგნანი ოფიციალურიად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც საქართველოში რწმუნებათა სიგელს გადასცემს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი და საქართველოში ელჩად დანიშვნამდე მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ფილოსოფიის დოქტორია, აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. კელი დეგნანის დანიშვნამდე აშშ-ის ელჩის მოვალეობას საქართველოში ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.

სოხუმი გაკვირვებას გამოხატავს თბილისში დიალოგის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყების საჭიროების საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკვირვებას გამოხატავს. საგანგებო განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ „სახელმწიფოს“ პოლიტიკური სტატუსის თემა ვერ გახდება მოლაპარაკებების საგანი:

„არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ ინფორმაციამ საქართველოს ხელისუფლების უეცრად გამოჩენილი მზადყოფნის შესახებ აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყების შესახებ გაკვირვება გამოიწვია. ჩვენის მხრივ, მხარს ვუჭერთ ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის დეიზოლაციას, რეგიონულ უსაფრთხოებას, ეკოლოგიას და სხვა საკითხებს, რომელსაც უშუალოდ აქვს კავშირი ჰუმანიტარული თანამშრომლობის თემასთან.

ამავე დროს, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსი, რომელიც დამყარებულია აფხაზი ხალხის ნებაზე და განმტკიცებულია კონსტიტუციით, არ წარმოადგენს მოლაპარაკებების საგანს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეების მიერ ხელი მოეწერება შეთანხმებას ცეცხლის არგამოყენების შესახებ.

განცხადებაში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი სასარგებლოა და ემხრობა მის გაგრძელებას.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოხუმთან დიალოგის შესახებ განცხადებები გააკეთეს მას შემდეგ, რაც დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა სერგეი შამბამ და ასლან ბჟანიამ ქართულ მედიასთან კომენტარებში აღნიშნეს, რომ მხარეთა შორის პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს.

უკრაინა დახმარებას ითხოვს ირანში მისი თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში

უკრაინამ კანადას, საფრანგეთს, შვედეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთსა და ირანს ექსპერტებით დახმარება სთხოვა 8 იანვარს მისი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გამოძიებაში. „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფას, რომელიც თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მოხდა, მასში მსხდომი 176-ვე ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა 16 იანვარს საღამოს განაცხადა, რომ თხოვნა გაიგზავნა მანამდე ლონდონში იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის საფუძველზე, რომელთა მოქალაქეებიც დაიღუპნენ ავიაკატასტროფის შედეგად.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, ასევე ავღანეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და უკრაინა მოითხოვენ, რომ თეირანმა კომპენსაცია გადაუხადოს 8 იანვრის ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს.

თავდაპირველად ირანი აცხადებდა, რომ თვითმფრინავი ძრავის გაუმართაობის გამო დაიღუპა. მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული „ბოინგი“ შეცდომით ჩამოაგდეს.

პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე ბადრი ბასიშვილი გახდა

პარლამენტმა კენჭი უყარა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის ნიკა მელიას ადგილმონაცვლის ბადრი ბასიშვილის კანდიდატურას და 75 ხმით 2-ის წინააღმდეგ ის პარლამენტის დეპუტატად დაამტკიცა.

საკითხის განხილვას და კანდიდატურის კენჭისყრას პარლამენტში ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა ოპოზიცია, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან განხილვის თემა გახდა. ამასთან, უმრავლეობის დეპუტატთა ნაწილი ბადრი ბასიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო.

დეპუტატ კარლო კოპალიანის განცხადებით, ბადრი ბასიშვილი „ცნობილი ზონდერი იყო და მისი გუნდის წევრებიც კი არ აძლევენ ხმას და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გავხადოთ დეპუტატი“.

საპარლამენტის უმრავლების ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, საკითხი წმინდა ფორმალური ხასიათისაა, კანონით განსაზღვრული წესის თანახმად, უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტატის ნაცვლად პარლამენტს მის ადგილმონაცვლედ დასამტკიცებლად წარედგინება დეპუტატის პარტიული სიით მისი მომდევნო წევრი. ამ ვითარებაში პარლამენტი ვერ იმსჯელებს მისი რეპუტაციის საკითხზე.

„შეგვიძლია მივმართოთ საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, როდესაც ისინი ნომერ 5-ს ხაზავენ საარჩევნო ბიულეტენებში, ნიშნავს ნიკანორ მელიას, ბადრი ბასიშვილის და მისნაირების მხრადაჭერას. ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ამ ფორმალურ უფლებამოსილებას შევასრულებთ. ეს არის პროცედურული დემოკრატია და ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროცედურული დემოკრატიის აღსრულებას და საზოგადოებას დავანახებთ, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა და ვის შემოყვანას პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ კენჭისყრის გადადების საკითხი დასვა, ვინაიდან, მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ „მჯობნის მჯობნი არ დაილევა“ და ვერ დაელოდებიან, როდის გამოჩნდება უკეთესი კანდიდატურა. მაგრამ კენჭისყრის გადადებით იქნებ მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არსებულ წესს შეცვლის.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, პარლამენტი ვერ გადადებს საკითხის კენჭისყრას, ვინადან რეგლამენტი განმარტავს, რომ დეპუტატის უფლებამისლების შეწყვეტის და უფლებამოსილებაში შესვლის საკითხის კენჭისყრა უნდა მოხდეს პარლამენტის სესიის დაწყებისთანავე.

„დაუშვებელია სხვა საკითხების განხილვა, სანამ ეს საკითხი არ იქნება განხილული“, - განაცხადა მან. სხვა შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას და მოხდება მისი საქმიანობის პარალიზება.

მისივე განმარტებით, პარლამენტს არ აქვს უფლება, კენჭი არ უყაროს ცესკოს მიერ პარტიული სიით წარდგენილი დეპუტატის უფლებამონაცვლეს. სხვა პირის კენჭისყრა ერთადერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ სიით გათვალისწინებული ადგილმონაცვლე უარს იტყვის თავის კანიდადატურაზე და პარტიული სიიდან პარლამენტს დასამტკიცებლად სხვა კანდიდატი წარედგინება.

წარსულში ბადრი ბასიშვილს „ქართული ოცნება“ ე. წ. ზონდერჯგუფების შექმნასა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაში ადანაშაულებდა, რასაც თვითონ ბასიშვილი კატეგორიულად უარყოფდა .

ბადრი ბასიშვილი 2008-2012 წლებში საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას, პარლამენტმა უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა 88 ხმით.

მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე.

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკა მელიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ნიკა მელიას, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს.

მელიას და ადეიშვილს ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით. სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

აიათოლა ალი ხამენეი 2012 წლის შემდეგ პირველი ქადაგებით გამოვიდა

თეირანის მტრებმა უკრაინული ავიალაინერის ავიაკატასტროფა გამოიყენეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დასასუსტებლად, - ამის შესახებ პარასკევის ლოცვაში განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ. ეს მისი პირველი ქადაგებაა 2012 წლის შემდეგ.

აიათოლამ თვითმფრინავის კატასტროფას დიდი ტრაგედია უწოდა. ამასთან, დასძინა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია ადამიანური ღირებულებებით, ვინაიდან ის ირანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

უზენაესმა ლიდერმა კვლავ გააკრიტიკა აშშ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მოკვლისთვის. ხამენეის თქმით, ვაშინგტონმა „ტერორისტის ბუნება“ გამოავლინა ირანელი სამხედროს მკვლელობით.

იანვარში ერაყში აშშ-ის სამხედროებზე თავდასხმის კომენტირებისას ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანმა „ღვთის დახმარება“ მიიღო. „ის ფაქტი, რომ ირანს უნარი შესწევს, ასეთი სილა გააწნას მსოფლიო ზესახელმწიფოს, ალაჰის ხელზე მეტყველებს“, თქვა აიათოლამ. მის კომენტარებს ხალხი შეხვდა ლოზუნგებით: „სიკვდილი ამერიკას!“.

აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. ირანმა სარაკეტო იერიში განახორციელა ერაყის სამხედრო ბაზებზე, რომლებშიც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ. იმავე დღეს თეირანთან კატასტროფა განიცადა უკრაინის სამოქალაქო თვითმფრინავმა. თავდაპირველად ირანი აცხადებდა, რომ თვითმფრინავი ძრავის გაუმართაობის გამო დაიღუპა. მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული „ბოინგი“ შეცდომით ჩამოაგდეს. თვითმფრინავში მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

ცხინვალი შეშფოთებულია ასლან ბჟანიას განცხადებით, თბილისთან დიალოგის შესახებ

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი, საგარეო ურთიერთობათა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა დრიაევი მედიასთან აღნიშნავს, რომ ცხინვალი „ცოტათი შეშფოთებულია“ აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებებით, თბილისთან დიალოგის შესახებ:

„რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტათი შეშფოთებულები ვართ ამ მოქმედებებით, მაგრამ ეს აფხაზეთის შიდა საქმეებია. ვისთან და როგორ გამართონ დიალოგი, ეს აფხაზი ხალხის გადასაწყვეტი იქნება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოძმე რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია დავადასტურო, სამხრეთი ოსეთი საქართველოსთან დიალოგის გამართვას არ აპირებს მანამ, სანამ იგი არ აღიარებს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და ხელს არ მოაწერს მემორანდუმს ძალის არგამოყენების შესახებ“, - აღნიშნა ზაზა დრიაევმა.

„სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“, - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

ბჟანიას შეფასებით, მთავარია, დიალოგმა დადებითი შედეგი მოიტანოს და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მხარე იქნება მასში ჩართული: „მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა“.

„ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ, იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში, თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისი თქმით, თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება: „ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს“.

„რაც შეეხება ახლო პერსპექტივას, ვფიქრობ, რომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს. ე.წ. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი ჰონჩარუკმა გადადგომის განცხადება გაუგზავნა პრეზიდენტს

ოლექსი ჰონჩარუკი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი ჰონჩარუკმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სკანდალის ფონზე, რომელიც ეხება აუდიოჩანაწერს, რომელშიც, როგორც იტყობინებიან, ის ამცირებს საკუთარ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცოდნას ეკონომიკაში.

17 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში ჰონჩარუკმა ფეისბუკში დაწერა: „მე თანამდებობაზე მოვედი პრეზიდენტის პროგრამის შესასრულებლად. ის ჩემთვის არის გახსნილობისა და წესიერების მაგალითი. მაგრამ იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი ეჭვი პრეზიდენტის მიმართ ჩვენს პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით, მე დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და გადავეცი ის პრეზიდენტს პარლამენტში შეტანის უფლებით“.

პრეზიდენტის კანცელარიაში დაადასტურეს გადადგომის თაობაზე ჰონჩარუკის განცხადების მიღება.

აუდიოჩანაწერები ოთხშაბათს გამოქვეყნდა YouTube-ის არხზე „როგორ მოვატყუოთ პრეზიდენტი“. ჩანაწერების სანდოობა არ არის დადასტურებული, მათი წყარო უცნობია. დაცვის სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ არა აქვს კავშირი პრემიერ-მინისტრის საუბრების მოსმენასთან.

როგორც აცხადებენ, ჩანაწერები გაკეთდა დეკემბერში გამართული თათბირის დროს. საუბრის ყველა მონაწილე რუსულად ლაპარაკობს. სავარაუდოდ, ჰონჩარუკი ჩანაწერში აღიარებს, რომ „სრული უვიცია ეკონომიკაში“, პრეზიდენტ ზელენსკიზე კი ამბობს, რომ „მას ძალზე პრიმიტიულად ესმის ეკონომიკური პროცესები“.
ოლექსი ჰონჩარუკი შარშან ჩაუდგა სათავეში მთავრობას მას შემდეგ, რაც უმაღლესი რადის არჩევნებში გაიმარჯვა ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“. განათლებით ის იურისტი და სახელმწიფო მართვის სპეციალისტია. 35 წლის ასაკში ის უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.

თუკი პრეზიდენტი ჰონჩარუკის გადადგომას მიიღებს, ახალი პრემიერის კანდიდატურა უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს. იქ ზელენსკის პარტია უმრავლესობას ფლობს. თუმცა მრავალი მიმომხილველი წერს, რომ ფრაქციაში უთანხმოებაა, რაც ხელს უშლის ხოლმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

გახარია შოთაძეზე: ცოტაა ადამიანი, ვისაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა ცეკვების გარეშე

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, ვისაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, „ყველანაირი ცეკვების გარეშე“. აღნიშნული პრემიერ-მინისტრმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნის საკითხზე კომენტარისას განაცხადა:

„კანდიდატს საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია, მე ვიცნობ მხოლოდ და მხოლოდ ირაკლის, შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში,17 იანვრის შუადღის მონაცემებით, 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაასახელა.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 17 იანვრის ჩათვლით.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება

ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს. ის გამოეხმაურა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას. მისი თქმით, შოთაძის მთავარი პროკურორის პოსტზე მუშაობისას არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაიხსნა და პროკურატურა იყო ძალიან ეფექტური.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმესთან დაკავშირებით შოთაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გადამდგარიყო, თანამდებობიდან, იყო ღირსეული ნაბიჯი.

„როდესაც საზოგადოებას ჰქონდა კითხვები და როდესაც დაზარალებულმა გამოთქვა კითხვები მის მიმართ. მან ასევე მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და დატოვა თანამდებობა, ნიშნად იმისა, რომ თანამდებობა არ არის ყველაზე მთავარი და სტატუსები არ არის ყველაზე მთავარი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ბატონმა შოთაძემაც მაშინაც მიიღო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ, რომ მისი კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

16 იანვრის მონაცემებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. მისი კანდიდატურა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაასახელა.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 17 იანვრის ჩათვლით.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG