Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულთა დედებს სოფო კილაძე შეხვდა


20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული პატიმრების დედებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე შეხვდა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელიც დედებთან ერთად პარლამენტის შენობაში ბრიფინგის გამართვას გეგმავდა, თუმცა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დედებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. საბოლოოდ, მათ შეხვედრა სოფიო კილაძემ შესთავაზა და სწორედ ამის შემდეგ შეუშვა დაცვამ ისინი პარლამენტის შენობაში.

როგორც შეხვედრის შემდეგ დაკავებული ზურა ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მათ გულდასმით მოუსმინა და დაჰპირდა, რომ პატიმრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებს.

„მინდოდა შემოსვლა ამ პარლამენტში, თუმცა, დიდ ჭიდაობას წავაწყდი და ვნახე ბევრი ჩემთვის მიუღებელი რამ. თუ ეს პარლამენტი სახალხოა, უნდა შემოვიდე თავისუფლად. დანარჩენი, ვისაც შევხვდი, ძალიან კმაყოფილი და მადლიერი გამოვედი, მივიღე ძალიან გულთბილი და გულწრფელი თანაგრძნობა, თუ ექნება ამას შედეგი და თუ რამე შედეგი დადგება ჩემთვის, მაშინ ვიქნები მადლობელი, თორემ ასე ევროპარლამენტს და ელჩებს ვაცნობე ჩემი მდგომარეობა და იქაც გულწრფელია შეშფოთება, მაგრამ თუ მივიღებ რეალურ პასუხს, მაშინ ვიქნები ყველასი მადლობელი. მივიღე დაპირება, რომ რაც შეუძლია, დაგვიდგება გვერდში, გააკეთებს, რაც მის კომპეტენციაში შედის“, - უთხრა ჟურნალისტებს დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ, მაგული ბუდაღაშვილმა.

ბესიკ თამლიანის დედის რუსუდან თამლიანის სიტყვებით, მან მიიღო დაპირება, რომ მის შვილთან კვირაში ერთხელ მაინც შევა ვინმე, ვინც მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაეცნობა.

„ჩვენი ყველა თხოვნა გულდასმით მოისმინა, დაგვპირდა, რომ ჩვენგან მიღებულ ინფორმაციას გადაამოწმებს, ყველაფერს კარგად შეისწავლის, გაიაზრებს და შეგვპირდა, რომ შეუშვებს ვინმეს და გაიგებს ამბავს, კვირაში ერთხელ მაინც შევა ვინმე. ვითხოვ, რომ გირაოთი გამოუშვან, ჩემი შვილი ნამდვილად არ არის კრიმინალი, არანაირ დანაშაულს ის არ ჩაიდენს, რისი ეშინიათ“, - თქვა რუსუდან თამლიანმა.

თავად სოფიო კილაძემ კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მაქსიმალურად შეეცდება, გაკეთდეს ყველაფერი, რაც კანონის ფარგლებშია შესაძლებელი, მათ შორის, დეპუტატები მოინახულებენ მსჯავრდებულებს.

„მე, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაქსიმალურად შევეცდები, რა უფლებამოსილებაც არის ჩემს ხელთ, მაქსიმალურად გამოვიყენო იმისთვის, რომ ეს ადამიანები მოვინახულოთ და რა თხოვნაც ჰქონდათ, გავითვალისწინო“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა კი ამბობს, რომ ისინი ასევე მოითხოვენ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, რომლისგანაც უნდა მოისმინონ, რატომ უზღუდავს შესაძლებლობას, რომ საპატიმროში მოინახულონ დაკავებულები.

თინა ბოკუჩავამ ინციდენტიც გაიხსენა, როცა დაკავებულების დედებს არ მისცეს საშუალება, მასთან ერთად შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სუს-ის თანამშრომლებთან იყო შეთანხმებული.

„ბიძინა ივანიშვილმა ასე დაყო საქართველო, რომ არსებობენ პირველი რანგის მოქალაქეები და მეორე რანგის მოქალაქეები, პირველი რანგის დეპუტატები, რომლებსაც შეუძლიათ საკანონმდებლო ორგანოში შემოუშვან მოქალაქეები და მეორე რანგის დეპუტატები, ანუ ოპოზიციური დეპუტატები, რომლებსაც არ გვაქვს უფლება, შემოვუშვათ ისინი. სამარცხვინოა ასეთი დაყოფა, თუმცა, სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის სამარკო ნიშანი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე დაკავებულების ადვოკატი და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს, ზურაბ ბუდაღაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG