Accessibility links

როგორ ვიზეიმე შაბათს


(მონაწილის შთაბეჭდილებანი)

ავტორი: გიორგი ერიშვილი

შაბათს თბილისში რომ ვიყავით წამოსასვლელები, მეზობელმა მითხრა: - სწორედ შენთვის მოუწყვიათ ეს ზეიმი: ყურის ძირში გაქვს ქალაქი, ამ ხნის ქალი ხარ და „მეტრო“ არ გინახავს - „მეტროს“ მაინცა ნახავო!

მართლა და, აბა იმის ფული სადა მაქვს, ჩემით თბილისში ჩამოვიდე... აქ კიდევა, ჩამოსვლა უფასო იყო და საჭმლის ფულიც დაგვირიგეს - 30 ლარი: რო მოგშივდებათ, რამე იყიდეთო. ძლივ ფული დავიჭირე ხელში, რა უნდა მეყიდა - გამოვკარ ტოპრაკში ბოლოკი და პურის ყუაი და წამოვედი.

მილეთის ხალხი ტრიალებდა რუსთაველზე. გაგვაფრთხილეს, ხალხში არ დაიკარგოთ, დირექტორს მიჰყევით უკანაო. მეც სულ იმის ქუდს ვუყურებდი და ისე მივყვებოდი, რომ არ დამკარგვოდა. ერთი პირობა, მართლა კინაღამ არ დამეკარგა - ვხედავ უცებ, რო მიდის სადღაც ბუჩქებში. მივყევი მეცა. ის კი უცებ ერთ ხეს მოეფარა და შარვლის შეხსნა დაიწყო.

აი, კაცობა რასა ნიშნავს - განა მე კი ნაკლებად მინდოდა მუცელზე მოწოლილი სითხის მოშორებაი?! მაგრამ ჩვენ, ქალებს, მაგის იღბალი ვინ მოგვცა, ხესთან დადგომა შეგვეძლოს! არადა, საჭმლის ფულს რომ გვაძლევდნენ, არ უნდა ეფიქრათ, ქალებს რა უნდა ეყოთთავიანთი ნამგზავრი შარდის ბუშტებისთვინა?

ესე შარდშეკავებული ავედევნე ისევ ჩვენს დირექტორს. გზაზე წინ სულ მიკროფონიანი გოგოები გვხვდებოდნენ და კითხვებს აყრიდნენ ხალხსა.

ჩემ გვერდით ერთს ჩააჯინდნენ: - რა გინდა, აქ რას ჩამოსულხარ, აქ რამ ჩამოგიყვანაო!

ის კიდე პასუხობდა: -რა თქვენი საქმეა, თქვენ საქმეს მიხედეთ, მე საცა მინდა იქ წავალო.

ერთი სული მქონდა, ჩემთვისაც ეკითხნათ, მაგრამ არ მეკითხებოდნენ. არადა,რა მაგრა ვუპასუხებდი!- რა მინდა და „მეტროს“ ნახვაი-მეთქი, ვეტყოდი! ამ ხნის ქალი ვარ და მაშ „მეტრო“ არ უნდა მქონდეს ნანახი?

თუ კიდევ გამიგრძელებდნენ შეკითხვებსა, ახლა იმას დავუმატებდი:

-თქვე დალოცვილებო, ძლივ შაბათ დღეს სახლიდან გამოსვლის საშუალება მომეცა და არუნდა მესარგებლნა? გზის ფულს ხომ მიხდიან და ქვეყანასაც თვალს ვავლებ, თორემ, აბა ნახეთ, როგორია შაბათ დღეს გამოყრუებულ სახლში ჯდომა და მთელი კვირის დაგროვებული სარეცხის ხელით რეცხვაი.

კიდევ კარგი, არა მკითხეს! ეგენი ისეთი აბეზარები არიან, იმ კითხვასაც მოაყოლებდნენ: ან რამ გამოგაყრუა და ანხელით რა გარეცხინებსო! რა იციან მაგ ქალაქელებმა: მე რომ ტელევიზორი და სარეცხი მანქანა მქონდეს, სოციალურ დახმარებას მომიხსნიან და ჩემ 200 ლარიან ჯამაგირს 5 სულს როგო ვამყოფინებ ოჯახშია?

ამასობაში სულ გაივსო ხალხით მოედანი.

ბავშვობა გამახსენდა - რა კარგი იყო ხოლმე პირველი მაისი! პარადზე რო გაგვიყვანდნენ - თეთრი გეტრები მეცვადა წითელი ყელსახვევი მეკეთა. ბუშტებს ვუშვებდით ჰაერში და ხელში ვაფრიალებდით დროშებსა.

ეხლაც ჰქონდათ დროშები გამოტანილი, მაგრამ ჩემ ბავშვობაში წითელი ვარსკვლავი იყო იმ დროშებზედა; ეხლა კიდე ამათ ცისფერი დროშები ეკავათ, ყვითელ ვარსკვლავებიანი; როგორც რო იცვლება ქალის ტანსაცმლის მოდაი, ალბათ დროშის მოდაც იცვლება; ეტყობა, ეხლა ეგეთი მოდაა.

ბოლოს ყველანი მოედნისკენ დავიძარით. რადგან ბევრი ხალხი იყო, შუაში ქანდაკებას ვერ მივუდექით და მოლაპარაკის ხმა ჩვენამდე ვერ აღწევდა.მაგრამ კარგს რაღაცას ლაპარაკობდა ნამდვილად, რადგან ჩვენი დირექტორი ძალიან გამეტებით უკრავდა ტაშსა.

როცა შეკრება დამთავრდა, მე ვთხოვე დირექტორს, ცოტა დრო მოეცა, რომ „მეტრო“ მენახა.

დირექტორმა მითხრა: - წამოდი, მანქანა გველოდება, თორემ მერე შენი ფულით მოგიხდება დაბრუნებაო. ცოტა მკვახედ მითხრა - ეტყობა, შესცივდა.

ესე რომ,ვერა ვნახე „მეტროი“. მაგრამ არა უშავს - შევესწარ, გზადაგზა იმ მიკროფონიან გოგოებს რამდენიმე ბიჭი რომ ეუბნებოდა: - რომ გარდაიცვლება, მთაწმინდაზე უნდა დავმარხოთო ბატონი ბიძინაი!

ჰოდა, მაგ დროს ხომ ისევ დაგვიძახებენ ჩვენა! ჩამოგვიყვანენ და მაშინ მაინც აუცილებლად ვნახავ „მეტროსა“!

ზეიმის მონაწილის საუბარი ჩაიწერა გიორგი ერიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG