Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი რუმინეთს ესტუმრა კომუნიზმის დამხობის 30-ე წლისთავზე


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 15 დეკემბერს ჩავიდა დასავლეთ რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში, კომუნისტური რეჟიმის დასრულებისა და დიქტატორ ნიკოლაე ჩაუშესკუს დამხობის 30-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

წარმოთქმულ სიტყვაში, რომელსაც რუმინეთის მოქალაქე ეთნიკური უნგრელებიც უსმენდნენ, ორბანმა შეაქო თავისი ქვეყნის ურთიერთობა რუმინეთთან. „ჩვენ, [როგორც უნგრელებს], გვწამს, რომ შეგვიძლია მიზანს უფრო ადვილად მივაღწიოთ ჩვენს მეზობლებთან ერთად, ვიდრე მარტო“, - თქვა მან. ორბანის თქმით, ეს ორი ქვეყანა „ახალი ცენტრალური ევროპის“ ავანგარდში უნდა იყოს - კეთილდღეობის მქონე რეგიონში, რომელიც იქნება „არა მხოლოდ ბაზარი დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკებისთვის, არამედ ასევე სივრცე დიდი წარმატებისა და კონკურენციისთვის“.

ქალაქ ტიმიშოარაში სახლობს ეთნიკურად უნგრელი უმცირესობა. 1989 წელს ეს ქალაქი რევოლუციის საწყის ადგილად იქცა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ეკლესიის ეთნიკურად უნგრელმა პასტორმა, ლასლო ტეკეშმა, თავის ქადაგებებში ჩაუშესკუს დიქტატურა გააკრიტიკა და ამის გამო გააძევეს. მის გაძევებას მოჰყვა საპროტესტო აქციები, რომლებიც სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, ბუქარესტსაც მოედო და გადაიზარდა რევოლუციაში, რომელმაც დაამხო ევროპის უკანასკნელი კომუნისტური რეჟიმი. აქციების დაწყებიდან ორ დღეში, ჩაუშესკუმ დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა, რის შედეგადაც 60-მდე მოქალაქე დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაიჭრა ტიმიშოარაში 1989 წლის 17 დეკემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG