Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

UNICEF-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, მართლმსაჯულების სისტემაში დაიცვას ბავშვთა უფლებები


გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ხელისუფლებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში დაცული იყოს ბავშვთა უფლებები. მიმართვაში, რომელიც 15 წლის მოზარდზე პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე ერთგვარი გამოხმაურებაა, UNICEF აღნიშნავს, რომ საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ არასრულწლოვნის საქმეს.

„პოლიცია მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების პირველი წერტილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიციის კადრები დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომელთაც ექნებათ არასრულწლოვნებთან მუშაობის მოტივაცია, ცოდნა, შესაბამისი უნარები და საკითხის მიმართ მგრძნობელობა“, - აღნიშნულია unicef-ის განცხადებაში, რომელშიც ჩამოთვლილია რეკომენდაციები, რა უნდა გაკეთდეს ბავშვზე მორგებული მიდგომების დასანერგად:

  • პოლიციის სისტემაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ ყველა უწყებაში შეიქმნას სპეციალური დანაყოფები ან გამოიყოს პროფესიონალები, რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებით იქნებიან დაკავებულნი.
  • მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩეს კადრები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გაივლიან გადამზადებას და მათ საქმიანობაზე რეგულარულად განხორციელდება მონიტორინგი.
  • უაღრესად მნიშვნელოვანია, საშუალო რგოლის მენეჯერებმა გააცნობიერონ ბავშვზე მორგებული მიდგომების მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყონ პროფესიონალებს მათი საქმიანობის განხორციელებაში.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დანაშაულის მოწმე ყველა ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს იურიდიულ დახმარებაზე სისტემასთან კონტაქტის პირველივე წუთებიდან.
  • აუცილებელია, მუდმივი ზედამხედველობა გაეწიოს ბავშვებთან დაკავშირებულ შემთხვევებს, რათა მოხდეს იდენტიფიცირება და რეაგირება ბავშვთა უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე მართლმსაჯულების სისტემაში.

15 წლის მოზარდი 11 დეკემბერს მე-9 სართულიდან გადმოხტა, რასაც წინ უძღოდა „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მისი გამოკითხვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, მოზარდმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. საია-ს ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG