Accessibility links

ერეკლე კუხიანიძემ ბოდიში მოიხადა ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი ოჯახის შეურაცხყოფის გამო


„ის, რაც ვთქვი ემოციურად და გადავედი კორექტულობის ზღვარს, იმაზე ვიხდი ბოდიშს. დანარჩენი მე არ ვიცი რა ხდება", - თქვა „ტვ პირველის" ეთერში თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის შესახებ „ფეისბუკზე" დაწერილი ტექსტის შესახებ.

კუხიანიძე საკუთარ სიტყვებს ასე განმარტავს: „მე ვთქვი, რომ როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს ად შენ მაინც მას შეურაცხყოფას აყენებ, ეს არის პროვოკაცია ან რაღაც... მე იმ მომენტში გამიჩნდა შეგრძნება და ვთქვი, რომ ის ფორმა არ არის სწორი".

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისა და საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკრებულოს უმრავლესობა მის საკითხზე კონსულტაციებს 17 დეკემბერს გამართავს.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამ მიმართულებით ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიური იყო 16 დეკემბერსაც, როდესაც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა.

„ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან უცნაური კალეიდოსკოპი იხატება ნელ- ნელა…“, - წერს ის ფეისბუკზე, თუმცა თავად გაზიარებული ინფორმაცია ამჟამად უკვე აღარ არის ხელმისაწვდომი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG