Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძემ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი და ზურა ბუდაღაშვილი მოინახულა


ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გლდანის ციხესთან 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების, ბესიკ თამლიანის და ზურა ბუდაღაშვილის დედებთან და ადვოკატთან, ერთად მივიდა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ სოფო კილაძემ დაკავებულების დედებს შვილების ჯანმრთელობის და მათი უფლებების მდგომარეობის შესახებ უამბო.

„მოვინახულეთ დაკავებული ახალგაზრდები. მათი მდგომარეობა არის ნორმალური. ბუდაღაშვილის თხოვნა იყო რომ შეეცვალათ მისთვის საკანი და მე ვთხოვე ადმინისტრაციას მისი სხვა საკანში გადაყვანა, რაც დაკმაყოფილდა. 17 დეკემბერს არის მათი სასამართლო და ვიმუშავებთ, რომ მათი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. მე მათ ადვოკატის თანდასწრებით გავესაუბრე და მათ არ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ აქვთ რაიმე ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა. თავს გრძნობენ ნორმალურად, ბესიკ თამლიანის შემთხვევაში მისმა ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ოპერაციამ ჩაიარა კარგად“, - თქვა სოფო კილაძემ.

ციხეში სოფო კილაძის მისვლამდე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა 20 ივნისს დაკავებულთა დედებთან ერთად პარლამენტის შენობაში ბრიფინგის გამართვას გეგმავდა, თუმცა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დედებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. საბოლოოდ, მათ შეხვედრა სოფიო კილაძემ შესთავაზა და სწორედ ამის შემდეგ შეუშვა დაცვამ ისინი პარლამენტის შენობაში.

როგორც შეხვედრის შემდეგ დაკავებული ზურა ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მათ გულდასმით მოუსმინა და დაჰპირდა, რომ პატიმრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებს.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს, ზურაბ ბუდაღაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG