Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდს, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს


15 წლის მოზარდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს ისრაელიდან მიწვეული ექიმების მონაწილეობით.

მოზარდის ძმამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო: „როგორც იძახიან იმაზე მძიმე დახვდათ მდგომარეობა, ვიდრე ეგონათ. ისინიც მოლოდინში არიან. დრო სჭირდება ისევ მედიკამენტურ მკურნალობას, რომ რაღაც შედეგი მოგვცეს. ექიმები ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“.

გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანი 11 დეკემბერს, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჩვენების მიცემის იძულების მუხლებითაა აღძრული.

მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მოწმის სტატუსით გამოკითხეს „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო.

ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად ბიჭზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. გამოძიების დასრულებამდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, უფლებამოსილება შეუჩერდათ.

განახლება: დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მოზარდი იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG