Accessibility links

ახალი ამბები

ლაფანაშვილი: არ მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ ვაჟას გამოსახსნელად

თამილა ლაფანაშვილი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე მას პრემიერ-მინისტრთან პირადად კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა ესაუბრა ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს. თამილა ლაფანაშვილის განმარტებით, ამ საბჭოში შედიან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი:

„გამიზიარეს იმათაც, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები და მეც გავუზიარე, ჩვენ, ოჯახი, რას ვაპირებთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ რაღაც უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი მაინც გვეყოლება. იმიტომ, რომ იმდენად არაორდინარულ სიტუაციაში აღმოვჩნდით ყველანი, რომ ძალიან მძიმეა ეს ოჯახისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ძალიან დიდი წნეხია ეს ჩვენთვის.

წნეხია, როგორც საზოგადოებრივი აზრის ყველანაირი გათვალისწინებით, ასევე იმით, რომ ჩვენ ტყვე გვყავს გამოსახსნელი საპყრობილედან და ამისთვის ვმუშაობთ“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა. მან განმარტა, რომ არასოდეს უთქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან დასახსნელად:

„მსგავსი სიტყვები მე არასოდეს არ წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდანვე არიან ჩართულები. აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. ყველა შედეგს ველოდებით და შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ბერკეტები უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა აბსოლუტურად მხარში მიდგას ამაში და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალისხმევა გაამართლებს. როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

მისი თქმით, ამჯერად ყველა ელოდება პარასკევს, როდესაც ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. „ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასიკეთოდ გადაწყდება ეს ყველაფერი და საბოლოოდ ვაჟა გათავისუფლდება“, - აღნიშნა თამილა ლაფანაშვილმა.

13 დეკემბერს, ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მისი საქმის განხილვა 20 დეკემბერს გაგრძელდება.

ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

ყველა ახალი ამბავი

პომპეო ინტერვიუს შემდეგ NPR-ის ჟურნალისტს სიცრუეში სდებს ბრალს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აშშ-ის საზოგადოებრივი რადიოს, NPR-ის ჟურნალისტი სიცრუეში დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ნაწყვეტები მათი საუბრიდან, რომლებიც ვირუსულად გავრცელდა.

NPR-ის ჟურნალისტმა, ლუიზ კელიმ, წამყვანმა გადაცემისა All Things Considered 24 იანვარს თქვა, პომპეო გაბრაზდა და ინტერვიუ შეწყვიტა, როცა დავუსვი კითხვა, რატომ არ დაიცვა აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, მარი იავონოვიჩი, რომელიც გასულ წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაათავისუფლაო.

კელის თანახმად, შემდეგ მას სთხოვეს მისულიყო პომპეოს კერძო ოთახში საუბრის გასაგრძელებლად, მაგრამ ხმის ჩამწერი აპარატურის გარეშე. კელი ამბობს, რომ პომპეო ყვიროდა, უცენზურო სიტყვების იყენებდა და თან ამბობდა, რომ ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის სად მდებარეობს უკრაინა.

კელი ყვება, რომ ამის შემდეგ პომპეომ ასისტენტებს სთხოვა მოეტანათ დაუნიშნავი მსოფლიო რუკა და კელის მოსთხოვა მასზე უკრაინა ეპოვა, რაც, კელის თქმით, მან სიზუსტით შეასრულა. კელის მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული ევროპის კვლევებში კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.

კელის თქმით, მისთვის არავის უთქვამს, რომ ოთახში გამართული ეს საუბარი არ იყო განკუთვნილი გამოქვეყნებისთვის. მან 24 იანვარს ტვიტერით აღწერა პომპეოსთან ეს შეხვედრა და მისი ტექსტი ვირუსულად გავრცელდა, ერთი კვირითა ადრე პომპეოს პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე უკრაინაში.

მედია აქტიურად აშუქებს შეხვედრის შესახებ კელის მონაყოლს. ასეთ ფონზე, პომპეომ საპასუხო მწვავე განცხადება გაავრცელა შემდეგ დღეს:

"NPR-ის რეპორტიორმა, მარი ლუიზ კელიმ ორჯერ მომატყუა. პირველად გასულ თვეში, ჩვენი ინტერვიუს დაგეგმვისას და მეორედ გუშინ, როცა დათანხმდა, რომ ინტერვიუს შემდეგ გამართული ჩვენი საუბარი არ იქნებოდა განკუთვნილი გასაჯაროებისთვის" - წერს პომპეო 25 იანვრის განცხადებაში.

პომპეო ამბობს, ეს "კიდევ ერთი მაგალითია" იმისა, რომ მედიას სურს ტრამპს ზიანი მიაყენოსო.

პომპეოს განცხადება მთავრდება ფრაზით: "მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბანგლადეში არ არის უკრაინა", რაც, შესაძლოა, იყოს მინიშნება იმაზე, თითქოს დაუნიშნავ რუკაზე კელიმ უკრაინის ნაცვლად ბანგლადეშს დაადო ხელი.

ენმ-მა გაასაჯაროვა გახარიას მიერ აშშ-ის სენატიდან დეკემბერში მიღებული წერილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, დღის პირველ ნახევარში გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ, გაასაჯაროვა იმ წერილის შინაარსი, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბრით არის დათარიღებული და რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უგზავნის აშშ-ის სენატის კომერციის, მეცნიერების და ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, როჯერ ვიკერი.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ამ წერილის ასლი. წერილში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ მიერ თავისივე დაპირებაზე ნათქვამ უარზე, დაენერგა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას ქმნის და „ქართული ოცნების“ მიერ უზენაეს სასამართლოში 14 ისეთი მოსამართლის დანიშვნაზე უვადოდ, რომელთა კვალიფიკაციაზეც სერიოზული კითხვები არსებობდა - რაც, ვიკერის შეფასებით, „კიდევ უფრო მეტად ამცირებს საზოგადოების ნდობას კანონის უზენაესობისადმი“. როჯერ ვიკერი საუბრობს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე, რომლებიც თითქოს პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში გაგზავნით ემუქრება, რაც, მისი თქმით, „აღრმავებს შეშფოთებას დროით მონაკვეთზე და გარემოებებზე, რომლებიც უკავშირდება სასამართლო საქმეებს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ფიგურების, მაგალითად გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას მიმართ“.

„მაშინ, როცა არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას სწრაფად იმოქმედოს ისეთი საარჩევნო სისტემის მისაღებად, რომელსაც ექნება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და რომელიც ყველასათვის თანაბარ სათამაშო მოედანს შექმნის. თუ ამ საკითხებს ყურადღება არ მიექცევა, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი მზარდმა უნდობლობამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მომავალი წლის არჩევნების ლეგიტიმურობას და ქვეყნის სასამართლო სისტემას, ფართო გაგებით“ - ვკითხულობთ წერილში.

პრესკონფერენციაზე, რომელზეც წერილის შინაარსი გასაჯაროვდა, სამადაშვილმა ამ წერილის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: „როდესაც სენატის ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ანუ იმ კომიტეტის, რომელმაც, მაგალითად, უნდა განსაზღვროს თავისუფალი ვაჭრობის ბედი საქართველოს და აშშ-ის შორის, მსგავს წერილს წერს, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს - რომ დღეს, ჩვენი კეთილდღეობის გზაზე, იმ გზაზე, რომელმაც უნდა მოიზიდოს ქვეყანაში მათ შორის ამერიკული ინვესტიციები და უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ასე შემდეგ, მთავარ წინაღობად გვესახება სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება და მათი მცდელობა, რომ დემოკრატიული მხარდაჭერის დაკარგვის მიუხედავად, შეინარჩუნონ ქვეყანაში ძალაუფლება ნებისმიერ ფასად“.

იუწყებიან, რომ აშშ-ის ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერი ახლა რუსეთში ცხოვრობს

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ამერიკელი კაცი, რომელსაც კავშირი აქვს აშშ-ში ძალადობრივი თავდასხმების გეგმების მქონე ნეონაცისტურ ჯგუფთან, ახლა რუსეთში ცხოვრობს.

გაზეთმა "გარდიანმა" და ბიბისიმ 24 იანვარს გაავრცელეს ცნობა, რომ ნეონაცისტურ ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავს "ბაზას" უწოდებს, ხელმძღვანელობს კაცი ყალბი სახელებით ნორმან სპეარი და რომან ვულფი. ამ მედიასაშუალებების თანახმად, მამაკაცის ნამდვილი სახელია რინალდო ნაზარო და ის 2018 წელს გადავიდა საცხოვრებლად სანკტ-პეტერბურგში.

რუსეთის სოციალური მედია და სხვა ღია წყაროები მიუთითებენ კაცზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და იქ უცხოელებს ინგლისურ ენას ასწავლის. რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე სცადა დარეკვა ნომერზე, რომელიც მითითებულია ამ კაცის ინგლისურის გაკვეთილების სარეკლამო განცხადებაზე ინტერნეტში, თუმცა ზარებს არავინ უპასუხა.

საჯარო რეგისტრი და სხვა ღია წყაროები აჩვენებს მამაკაცს სახელად რინალდო ნაზარო, რომელიც ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს და 2012 წელს რუსეთის მოქალაქე ქალზე დაქორწინდა.

თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგიის ჯგუფი "ბაზა", რომლის წევრებსაც რადიკალური რასისტული შეხედულებები აქვთ და ანარქიის გამოწვევის მიზნით რასობრივი ომის მოწოდებებით გამოდიან, 2018 წლიდან გამოჩნდა აშშ-ის სასამართლოს ჩანაწერებში.

21-მდე გაიზარდა მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი აღმოსავლეთ თურქეთში

ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 21-მდე გაიზარდა აღმოსავლეთ თურქეთის პროვინცია ელაზიგში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი. დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა, პროვინციის დედაქალაქ სივრიცეში, რომელიც 750-მდე კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქ ანკარას. მთავარ მიწისძვრას კიდევ რამდენიმე ბიძგი მოჰყვა. სივრიცეში სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ოთხი - ახლოს მდებარე ქალაქ მალათიაში, იუწყება თურქეთის ხელისუფლება და დასძენს, რომ 920-მდე დაშავებული რეგიონის საავადმყოფოებშია მოთავსებული.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაშველები ნანგრევების ქვეშ 30 ადამიანს ეძებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

შემოწმდებიან ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახური მუშაობს.

„მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურის მქონე მგზავრებს ექნებათ საშუალება, გაიარონ საწყისი, წინასწარი შეფასება ადგილზევე, ვიდრე მოხდება მათი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ კორონავირუსის პრევენციისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

თამარ გაბუნიას თქმით, საშიშროებას არ წარმოადგენს ჩინეთიდან ტრანსპორტირებული ტვირთები.

„კორონავირუსი გადაიცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ამ შემთხვევაში, ვირუსის გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტი. იქნება ეს დაინფიცირებულის საგანი თუ რაიმე სხვა ნივთი, ამ ვირუსის გადაცემის შემთხვევები აღწერილი არ არის. ამდენად, ჩვეულებრივ ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად, ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაიცემა. ამდენად, ამისი საშიშროება, რა თქმა უნდა, არ არის“, - აცხადებს თამარ გაბუნია, რომლის თქმითაც, აქცენტი კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულებზე. მაღალი რისკის ამ შემთხვევაში არიან ჩინეთიდან, განსაკუთრებით იმ პროვინციიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება.

„კარგი ამბავი არის ის, რომ ჩინეთმა უკვე ოფიციალურად დააფიქსირა განკურნებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია. ექვსდღიანი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტი გამოეწერა სრულიად თავისუფალი ვირუსისგან, ორმა ანალიზმა დაადასტურა ეს, რაც ნამდვილად საიმედო ინფორმაციაა და ნიშნავს იმას, რომ ბევრ შემთხვევაში ვირუსი დაექვემდებარება მკურნალობას იმ ღონისძიებებით, რაც დღეს მედიცინისთვის ცნობილია. თუმცა ცნობილია, რომ ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დროულად მიიღებენ ვაქცინას და გამოიყენებენ მას მაღალი რისკის მქონე რეგიონებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კრემლი უარყოფს სურკოვის გადადგომას

კრემლი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, რომ გადადგომას აპირებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვეტერანი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი.

სურკოვის გადადგომის შესახებ ცნობა გაავრცელა ალექსეი ჩესნაკოვმა, სურკოვის მრჩეველმა და მოსკოვის პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა. მან 25 იანვარს ტვიტერზე დაწერა, სურკოვი გადადგება "უკაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილების" გამოო.

მაგრამ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გადადგომის თაობაზე სურკოვის განცხადება არ არსებობს. პესკოვმა რუსეთის მედიას ასევე უთხრა, რომ უკრაინასთან მიმართებით კრემლის პოლიტიკა არ შეცვლილა.

"რაც ეხება თითქოს პოლიტიკის შეცვლას უკრაინაში არსებულ ვითარებასთან მიმართებით, ამას კავშირი არ აქვს რეალობასთან და მხოლოდ იმ პირის პირადი აზრია, რომელიც ამას ამბობს", - უთხრა პესკოვმა სააგენტო ტასს.

სურკოვს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის კონფლიქტს 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა 2014 წლის აპრილის შემდეგ.

ჩინეთში იზრდება ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი, საფრანგეთსა და ავსტრალიაში შემთხვევები გამოვლინდა

გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა და ინფიცირების შემთხვევები ჩინეთის ქალაქ უჰანში გაჩენილი კორონავირუსისგან. პარალელურად, პირველი შემთხვევების შესახებ იუწყებიან საფრანგეთიდან და ავსტრალიიდან. მსოფლიოს გარშემო ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მუშაობენ პანდემიის თავიდან არიდების გზებზე.

ჩინეთმა 25 იანვარს გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით, 29 პროვინციაში ვირუსით დაიღუპა 41 ადამიანი და დაავადდა სულ მცირე 1287, მათგან 237-ის მდგომარეობა მძიმეა. ჩინეთს გარეთ სიკვდილის შემთხვევები არ არის, თუმცა საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ სამი ადამიანი დაავადდა, რაც ამ ვირუსის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა ევროპაში. საფრანგეთიდან იუწყებიან, რომ ორი პაციენტი პარიზშია ჰოსპიტალიზებული, კიდევ ერთი - სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ბორდოში.

აშშ-ში ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ სიეტლში და მეორე ჩიკაგოში. ორივე დაავადებული აშშ-ში ახლახან დაბრუნდა ჩინეთიდან.

25 იანვარს ავსტრალიამაც გამოაცხადა, რომ გამოვლინდა ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. დაავადებული ჩინეთის მოქალაქეა, 50-დან 60 წლამდე მამაკაცი და ის ავსტრალიაში 19 იანვარს ჩაფრინდა. იუწყებიან, რომ პაციენტი იზოლირებულია და მკურნალობას გადის.

USAID საქართველოში იწყებს 7 მლნ დოლარის საგანმანათლებლო პროგრამას

საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, ამერკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მორიგ მასშტაბურ 5-წლიან პროექტს განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის მიხედვითაც, Achieving Student-Centered Education for a New Tomorrow (ASCENT) - პროექტი გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.

„USAID იწყებს ახალ, მასშტაბურ 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და “ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ.

გადაწყვეტილება მიღებული იქნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. აშშ-ის მხარეს კი წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საქმეთა მიმართულებით ალიშა ვუდვარდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექსანდერ სოკოლოვსკი.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო Fulbright-ის პროგრამის გაფართოებას. ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) პროექტი განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა. პროექტი გულისხმობს ინგლისური ენის სწავლების და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის-კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას.

ლუკაშენკო მოსკოვს ბელარუსის რუსეთთან გაერთიანების იძულებაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვი დაადანაშაულა მის ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენაში საიმისოდ, რომ ის რუსეთს შეუერთდეს და იქვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს დაუშვებს.

24 იანვარს, აღმოსავლეთ უკრაინაში, ქაღალდის ქარხნის მუშების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი - რომელიც ბელარუსს იაფ ნავთობს და გაზს აწვდის - იმისთვის, რომ ის ნავთობზე მინსკის დამოკიდებულებას იყენებს ქვეყნის რუსეთის წიაღში "გაქრობის" მიზნით.

"ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს, სუვერენულები და დამოუკიდებლები ვართ. ჩვენი გონებით და ხელებით რასაც ვახერხებთ, იმას გამოვიმუშავებთ, ჩვენს ქვეყანას ვაშენებთ. და არ შეგვიძლია რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილი ვიყოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა: "მე თქვენ ვერ გიღალატებთ და ბელარუსს ვერ გავაქრობ თუნდაც მოძმე რუსეთში. ... ამას რომც დავთანხმდე, ბელარუსი ხალხი ერთ წელიწადში ცოცხლად შემჭამს".

ლუკაშენკომ, რომელიც პრეზიდენტად ამ თანამდებობის შექმნიდანვე, ანუ 1994 წლიდანვე მუშაობს, ასევე თქვა, ბელარუსის პრეზიდენტობა "პატივია, მაგრამ ნამდვილად არ მსურს უკანასკნელი ვიყოო".

ბელარუსი ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე საწვავის და ფინანსების კუთხით და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ადგილს რუსეთის ენერგიის გასატანად ევროპაში. გარკვეული პერიოდია ბელარუსს უთანხმოება აქვს რუსეთთან ნავთობის ტრანზიტის ფასებსა და ტარიფებზე, იმ ფონზე, როცა მოსკოვი ლუკაშენკოზე მზარდ ზეწოლას ახორციელებს საიმისოდ, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ინტეგრაცია. ორი ქვეყანა ვერ შეთანხმდა ნავთობის მიწოდების კონტრაქტზე 2020 წლისთვის, რის გამოც რუსეთმა მიწოდება შეუწყვიტა ბელარუსის გადამამუშავებელ საწარმოებს, თუმცა მიწოდება 4 იანვარს ნაწილობრივ აღდგა.

სალომე სამადაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოაქვეყნოს სენატიდან მიღებული წერილი

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს ჯერ კიდევ დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან და კონკრეტულად იმ კომიტეტიდან, რომელიც მუშაობს სანქციების საკითხზე უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს არ გაასაჯაროებს დღის ბოლომდე, მაშინ ამას თვითონ გააკეთებენ.

„რას ნიშნავს ეს უპრეცედენტო კომუნიკაცია ვაშინგტონიდან? ერთი, ის, რომ დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ატარებს ქვეყანაში რუსულ ინტერესებს და ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში და მეორე, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები და საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში და ისევე, როგორც ევროპაში, ელოდებიან პოლიტიკურ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ, ყველა კომუნიკაციაში პირდაპირაა მითითება ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე - შეცვალოს საარჩევნო სისტემა და მისცეს ხალხს საშუალება, დემოკრატიული, პროპორციული არჩევნების გზით გაუკეთოს ფორმირება შემდეგ ხელისუფლებას. მინდა მივმართო ივანიშვილს, გახარიას, წულუკიანს და ყველა ე.წ ამბოხებულ დეპუტატს - არჩევანი, რომლის წინაშეც თქვენ დღეს დგახართ, არის ნათელი, ეს არჩევანი არ არის წერილსა და სიხარულს შორს, იმიტომ, რომ წერილები თქვენ უკვე ბევრი მიიღეთ არცთუ ისე სასიხარულო. არჩევანი არის ის, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე ოპოზიციასთან მოხვიდეთ იმ მზაობით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გახდეს სრულად პროპორციული, როგორც ეს იყო დაპირებული, ან მოემზადოთ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს თქვენ დატოვებთ არა როგორც უბრალოდ დამარცხებული პოლიტიკოსები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებიც იქნებიან სანქცირებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მიერ, რაც ნიშნავს თქვენი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, თქვენი საბანკო ანგარიშების და ქონების დაყადაღებას და ასევე, შეზუდვას თქვენი ოჯახის წევრების გადაადგილებაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


ლევან ხაბეიშვილი: „იმედია, მე არ დამაბრალებენ, რომ მათ ვცემე“

„იმედია, არ დამაბრალებენ, რომ ამ ტურებს და სვავებს, რომლებიც მოპარვით გამისწორდნენ ფიზიკურად, მე ვცემე. გვაქვს ასეთი პრაქტიკაც ოპოზიციის ლიდერებთან მიმართებით“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებასთან, სადაც დაკითხვაზე დაიბარეს.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, 24 იანვარს, მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში იხილა თბილისის საკრებულოს წევრზე ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობა.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმედოვნებს, რომ თბილისის საკრებულს წევრს ლევან ხაბეიშვილსა და საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით წარიმართება, რომელიც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოსაძიებელი არც არაფერია. მინიმუმ, საკრებულოს სამი წევრი ჯგუფურად ძალადობდა ლევან ხაბეიშვილზე. კადრებიდან ცალსახად ჩანს, რომ მოტივი პროვოცირებული იყო. აქ, მთავარია ერთი რამ - ვნახოთ, რამდენად ოპერატიულად იმოქმედებს საგამოძიებო სამსახური. დიდი იმედი გვაქვს, რომ პირიქით არ მოხდება, მაგალითად, როცა გიგი უგულავას პროვიცირება მოხდა მოჭიდავეების მიერ და უგულავას წაუყენეს ბრალი ძალადობაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქამდე არ მივა, საქმეს ირონიულად არ მოეპყრობიან და ლევან ხაბეიშვილს იქეთ არ დასდებენ ბრალს სხვა პირებზე ძალადობასა და პროვოცირებაში“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ისინი ყველა ინფორმაციას მიაწვდიან და ელოდებიან, რომ ჩატარდება ექსპერტიზა, ვინაიდან ხაბეიშვილს დაზიანებები აქვს არა მხოლოდ სახის, არამედ ტანის არეშიც და აღენიშნება გარკვეული ტკივილები.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე, როგორც იურისტს, რომ აქ ადგილი არ ექნება შერჩევით სამართალს, დადგება პასუხისმგებლობის საკითხი ჯგუფური ძალადობის მუხლით. ასევე, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში უნდა დადგეს, რამდენად აქვთ მორალური თუ სამართლებრივი უფლება ამ ადამიანებს დარჩნენ თბილისის საკრებულოში, ამაზეც ველოდებით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყებამ მიუსამძიმრა თურქ ხალხს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხისა და განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებთ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელდა.

25 იანვრის დილის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 1015-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათიაში გამოიწვია. მათივე ცნობით, ელიაზიღში 16 ადამიანია გარდაცვლილი, 637 დაშავდა. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა. საერთო ჯამში, ქვეყნის შვიდ რეგიონში დაშავებულთა რიცხვი უკვე 1015-ს აღწევს.

აღმოსავლეთ თურქეთში, 24 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა.

გიგა ბოკერია: „ჩვენი ამოცანა არაა, ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და მერე ძალიან მწარედ დაისაჯოს“

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრების, ბრაიან ბაბინისა და პიტ ოლსონის განცხადებას, რომ ხმას უერთებენ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია „კრიტიკის უწყვეტ ტალღას“ უწოდებს.

„რომელ წერილში რა ტერმინები იქნება ნახმარი, ეს არ ცვლის ბევრს არაფერს. მთავარია, ეს ტალღა, რომელიც ნიშნავს ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას. თუ ივანიშვილი გააგრძელებს ძალადობისა და რეპრესიების დღევანდელ კურსს, უკან არ წაიღებს შეურაცხყოფას და არ მისცემს ქართველ ხალხს იმას, რასაც დაჰპირდა გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ, მაშინ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაღრმავდება. მე არ მიყვარს პროგნოზები და არ ვიცი როდის მიაღწევს ვითარება კრიტიკულ ზღვარს. ჩვენი ამოცანა არაა ის, რომ ივანიშვილი მოიქცეს ძალიან ცუდად და მერე ძალიან მწარედ დაისაჯოს, მაგრამ თუ ის ასე გააგრძელებს, ნამდვილად ასე მოხდება: საქართველოში დაკარგავს ძალაუფლებას იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას უპირისპირდება, ხოლო შემდეგ უმძიმესი შეექმნება პრობლემები ყველგან თავისუფალ სამყაროში. მსგავსი მაგალითი ბევრია გარშემო“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ 25 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

გიგა ბოკერიას თქმით, ამერკელი კონგრესმენები შეწუხებული არიან იმით, რაც ხდება საქართველოში, "იმით თუ საით მიჰყავთ საქართველო ივანიშვილსა და მის გუნდს, რაც აზიანებს საქართველოსა და, მათი აზრით, ამერიკის ინტერესებსაც".

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ბაბინმა ტვიტერით გაავრცელა წერილი, რომელიც მან 23 იანვარს გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

კონგრესმენი წერილში აცხადებს, რომ თავის ხმას უერთებს საქართველოს გამო მზარდ შეშფოთებას, რომლის მიზეზი დემოკრატიული ფასეულობებისგან უკუსვლა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაა. ბაბინი უერთდება კოლეგების, საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეების აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის და დემოკრატი კონგრესმენის ჯერალდ კონოლის 13 დეკემბრის წერილში ხაზგასმულ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, არ განხორციელდეს დაპირებული დემოკრატიული რეფორმები და ასევე ცნობებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე. კონგრესმენი ბაბინი, მისივე თქმით, ასევე უერთდება 13 იანვრის წერილს, რომელიც მისმა კოლეგამ, კონგრესმენმა, მარკუინ მალინმა მისწერა გახარიას.

საგარეო უწყებას თურქეთში მიწისძვრის გამო საქართველოს მოქალაქეების დაშავებაზე ცნობა არ მიუღია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეების აღმოჩენის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ მიუღიათ, - უთხრეს უწყებაში „პირველ არხს“.

თურქეთში ძმიწისძვრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ სირვიჯეში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრე 6,7 მაგნიტუდას აღწევდა.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად მინიმუმ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

ამერიკელი კონგრესმენები კვლავ კრიტიკით მიმართავენ საქართველოს პრემიერს

ბრაიან ბაბინის  ტვიტერით გაავრცელებული წერილი

აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის კიდევ ორი წევრი უერთდება კონგრესმენების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს მთავრობის მისამართით. რესპუბლიკელი კონგრესმენები ბრაიან ბაბინი და პიტ ოლსონი ამის შესახებ განცხადებას ტვიტერის მეშვეობით აკეთებენ.

ბრაიან ბაბინმა ტვიტერით გაავრცელა წერილი, რომელიც მან 23 იანვარს გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.


კონგრესმენი ბაბინი აღნიშნავს, რომ "როგორც მეცნიერების, კოსმოსის და ტექნოლოგიის კომიტეტის წევრმა, ეს წერილი" მისწერა საქართველოს პრემიერს "საქართველოში გადავადებული რეფორმებისა და ამერიკული ინვესტიციების მიმართ გაუარესებული კლიმატის გამო, განსაკუთრებით აშშ-ის ენერგოკომპანიების მიმართ".

" ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უდრის თავისუფლებას!"- წერს ბაბინი.

კონგრესმენი წერილში აცხადებს, რომ თავის ხმას უერთებს საქართველოს გამო მზარდ შეშფოთებას, რომლის მიზეზი დემოკრატიული ფასეულობებისგან უკუსვლა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაა. ბაბინი უერთდება კოლეგების, საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეების აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის და დემოკრატი კონგრესმენის ჯერალდ კონოლის 13 დეკემბრის წერილში ხაზგასმულ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, არ განხორციელდეს დაპირებული დემოკრატიული რეფორმები და ასევე ცნობებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე. კონგრესმენი ბაბინი, მისივე თქმით, ასევე უერთდება 13 იანვრის წერილს, რომელიც მისმა კოლეგამ, კონგრესმენმა, მარკუინ მალინმა მისწერა გახარიას.

კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ის უერთდება მარკუინ მალინის მიერ 2019 წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში წარდგენილ "საქართველოში პატიოსანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქციების აქტსაც" .

„საქართველო 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ-ისგან ძლიერ მხარდაჭერას იღებდა წლების განმავლობაში", წერს ბაბინი. „შარშან, წარმომადგენლთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, რომელსაც ახლა სენატი განიხილავს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მთავარი პრინციპი, რომელიც გამოყოფილია ამ აქტში, შემდეგია: „...აშშ-ის პოლიტიკა არის საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების განვითარების გაგრძელება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა“. ეს არის სულისკვეთება, განაგრძობს თავის წერილს ბაბინი, და ამას გწერთ იმიტომ, რომ შეინიშნება უარყოფითი ტენდენცია საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფალი ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც გახდა ამერიკელი კონგრესმენების შეშფოთების მიზეზი.

წერილის ბოლოს კონგრესმენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს „მთავრობა შეძლებს შეაკავოს აგრესიული ქმედება აშშ-ის კომპანიების წინააღმდეგ და იმუშავებს იმისთვის, რომ შეაჩეროს მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და თავისუფლებას, ბუნებრივ, ღვთის მიერ ბოძებულ უფლებას მთელი ქართველი ხალხისთვის"- ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი წერილს კონგრესმენი ბრაიან ბაბინი.

რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი, ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეთანხმება კოლეგას, რესპუბლიკელ ადამ კინზინგერს, რომ "საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს, სისასტიკე გამოიჩინა სამოქალაქო დემონსტრანტების წინააღმდეგ და ანტაგონისტურია აშშ-ის ინვესტიციების მიმართ, რაც ორივე ქვეყანას წაადგებოდა". „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“, - წერს ოლსონი, რომელიც ადამ კინზინგერის და ჯერალდ კონოლის 13 დეკემბრის წერილს აზიარებს.

კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის ცემას გამოეხმაურა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ილაპარაკა დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის შესახებ.

„მე მინდა, ყველას ვთხოვო, ყველას მოვუწოდო ჩემს თანაგუნდელებს: წელს არის საარჩევნო წელი და ასეთი პროვოკაციები ძალიან ბევრი იქნება, ყველას მინდა თავშეკავება ვთხოვო, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის თანადგომის, ხალხის მხარდაჭერის და ერთადერთი, რასაც ისინი ცდილობენ და ყოველ შემთხვევაში ახერხებენ, ეს არის დესტრუქციული ქმედებები, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩემს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, როდესაც იქნება ასეთი პროვოკაციები. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს და საზოგადოება მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას და გააკეთებს სწორ არჩევანს“, - ამბობს კახა კალაძე.

ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.

აშშ სანქციებს უწესებს ოთხ სანავთობო ფირმას „ყუდსის ძალების“ მხარდაჭერისთვის

აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესა ოთხ ენერგოფირმას, რომლებსაც ადანაშაულებენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალებისთვის“ ნავთობის ექსპორტში დახმარების გაწევაში.

სანქციები, რომლებიც 23 იანვარს გამოცხადდა, დაწესდა სამი კვირის შემდეგ მას მერე, რაც 3 იანვარს, აშშ-მა ბაღდადში, საჰაერო იერიშისას მოკლა ამ გაერთიანების სარდალი, გენერალი ყასემ სულეიმანი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაკ პომპეომ განაცხადა, რომ „დღეს, აშშ დგამს ახალ ნაბიჯს, როგორც ნაწილს მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლის კამპანიისა, რათა გადავუკეტოთ ირანის რეჟიმს შემოსავლის ყველა წყარო, რომელსაც იყენებს მადესტაბილიზებელი ქმედებების დასაფინანსებლად, თქვა პომპეომ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ორი ფირმა ჰონგ-კონგშია, ერთი შანხაიში და ერთიც დუბაიში. ცნობით, ამ ფირმებმა ირანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის ნავთობი გაიტანეს. ამ გზით ისინი დაეხმარნენ „ყუდსის ძალებს“, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაშია შეყვანილი.

„გირჩი“ 19 კგ-მდე კანაფის კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

პარტია „გირჩის“ წევრებმა ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანეს.

როგორც რადიო თავისუფლებას „გირჩის“ წევრმა, იურისტმა ლევან ჯგერენაიამ განუმარტა, სარჩელში სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) მესამე ნაწილს ეხება. მართალია, ამ ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა უკვე არის არაკონსტიტუციურად ცნობილი, ის ვრცელდება მხოლოდ 266 გრამამდე ოდენობაზე; ახალი სარჩელის თანახმად, 19 000 გრ-მდე (19კგ) კანაფის კულტივირებაზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა აღარ უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა ის სისხლის სამართლის პაასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირს შესაძლოა, დაეკისროს არასაპატიმრო სანქცია და დარჩეს ნასამართლევის სტატუსი, თუმცა ის ციხეში არ წავა.

ლევან ჯგერენაია მიიჩნევს, რომ მოქმედი ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომლის თანახმად, დაუშვებელია არადამიანური მოპყრობა.

„დასაბუთება არის შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად ცნო მარიხუანას მოხმარება [საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ ისჯება თუკი აღმოაჩენენ, რომ პირს მარიხუანა აქვს მოხმარებული], სისტემა ამას მაინც არ ცნობს და უკვე ლეგალურად აღიარებული მცენარის გამო ადამიანებს სახლში უვარდება და არ აძლევს თავისუფლად ცხოვრების საშუალებას, უდანაშაულო ადამიანებს უყურებს, როგორც დამნაშავეს. უპატივცემლოდ და არაადამიანურად ექცევიან სრულიად უდანაშაულო ხალხს. არცერთი ლეგალური გზა არ არსებობს, რომ ადამიანმა საკუთარი უფლების რეალიზება მოახდინოს ისე, რომ კანონი არ დაარღვიოს და დანაშუალი არ ჩაიდინოს. ამას ემატება ის, რომ ლეგალური მცენარის მოხმარებისთვის ადამიანს უწევს დანაშაულის ჩადენა, ციხეში წასვლა, ეს არის, ჩვენი აზრით, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა. ადამიანს საკუთარი უფლების რეალიზებისთვის არათუ ციხეში წასვლა, არამედ დანაშაულის ჩადენაც არ უნდა უწევდეს“, - განმარტავს ლევან ჯგერენაია.

მოსარჩელის, ავთანდილ მეტრეველის სისხლის სამართლის საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს. როგორც იურისტი ამბობს, მას კანაფის კულტივირების ბრალდებით სასჯელი ემუქრება. მეტრეველის პროცესზე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას 30 იანვარს მოისმენენ.

სერბეთი და კოსოვო „პრინციპულად“ შეთანხმდნენ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა და აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა სერბეთსა და კოსოვოში, რიჩარდ გრენელმა განაცხადეს, რომ მომავალი კვირისთვის დაგეგმილია მოლაპარაკება ბალკანეთის ამ ორი სახელმწიფოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის გარშემო.

ვუჩიჩთან მოლაპარაკების შემდეგ, 24 იანვარს, რიჩარდ გრენელმა, რომელიც აშშ-ის ელჩად მსახურობს გერმანიაში, განაცხადა, რომ „პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ბერლინში, 27 იანვარს“.

ამის თაობაზე, გრენელის თქმით, ის კოსოვოს ლიდერებს 22-23 იანვარს მოელაპარაკა.

განცხადებამდე აშშ-ის ელჩმა 20 იანვარს იშუამდგომლა მხარეებს შორის, ხელი მოეწერათ ბელგრადსა და პრიშტინას შორის კომერციული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შეთანხმებაზე. მიმოსვლა სერბეთსა და მის ყოფილ ოლქს შორის შეწყდა 1989-1999 წლების სამხედრო დაპირისპირების გამწვავებისას.

სერბეთსა და კოსოვოს ყოფილ ოლქს შორის ურთიერთობა გამწვავდა ომის შემდეგ, რომელმაც 10 ათასი ადამიანი იმსხვერპლა და მილიონი უსახლკაროდ დატოვა.

2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ის, დაახლოებით, ასმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, აღიარა.

ურთიერთობის ნორმალიზების მოლაპარაკება შეწყდა 2018 წელს, როცა კოსოვომ სერბულ საქონელზე ასპროცენტიანი საბაჟო გადასახადი დააწესა ბელგრადის ქმედების საპასუხოდ, ლობირება გაეწია იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს და შეეცვლევინებინა პოზიცია.

პრიშტინასა და ბელგრადში ვიზიტისას, გრენელმა მოუწოდა მეზობლებს, უთანხმოება გადალახონ და ეკონომიკურ განვითარებაზე იზრუნონ.

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშებმა სიტყვიერი დაპირება მიიღეს

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე მეტალურგიული ქარხნის მუშებსა და კომპანიას შორის მეოთხე დღეა შრომითი დავა მიმდინარეობს, რის გამოც დასაქმებულები მუშაობაზე უარს ამბობენ და წარმოება შეწყდა. როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის იურისტი ირაკლი მხეიძე განმარტავს, დღეს, 24 იანვარს, რამდენიმე საათი გაგრძელდა მოლაპარაკება ქარხანაში დასაქმებულ მუშებსა და მეტალურგიული ქარხნის ინვესტორის, ინდური კომპანია „ამბიკონ სტილსის“ გენერალურ მენეჯერსა და რეგიონულ წარმომადგენელთან.

ირაკლი მხეიძის თქმით, შედგა მოლაპარაკების პირველი რაუნდი და გადაწყდა, რომ დასაქმებულები უფლებადამცველების დახმარებით შეადგენენ ხელშეკრულების ფორმას, რომელიც საწარმოს მუშაობის 10 თვის განმავლობაში არ არსებობდა და ყველა მოთხოვნას დოკუმენტურად წარუდგენენ დამსაქმებელს.

„ხელშეკრულების პუნქტებში აისახება ყველა ის მოთხოვნა, რაც დასაქმებულებს აქვთ, მათ შორის, განისაზღვრება სახელფასო სარგო, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სამედიცინო დაზღვევა“, - განმარტავს ირაკლი მხეიძე.

კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულებმა თქვეს, რომ გარკვეულ პუნქტებზე სიტყვიერი შეთანხმების მიუხედავად, ხელშეკრულების გაფორმებამდე ქარხანაში მუშაობას არ გააგრძელებენ.

ქარხანაში დასაქმებული მუშების თქმით, მათ 10 თვის განმავლობაში ხელშეკრულების გარეშე უწევდათ მუშაობა, ასევე არ ურიგდებოდათ სამუშაოს შესრულების დროს სპეციალური სამოსი.

ქუთაისში, „ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიულ ქარხანაში ამჟამად საქართველოს 200-მდე და ინდოეთის 60-მდე მოქალაქე მუშაობს. ქარხანა ადგილზე გადამუშავებული ლითონისგან სამშენებლო მასალას და არმატურას აწარმოებს.

23 და 24 იანვარს ქარხნის 200-მდე თანამშრომელმა შენობის შესასვლელთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა.

მეტალურგიული საწარმოს თანამშრომლები უქმე დღეების დასასვენებლად გამოყენების უფლებას და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას მოითხოვენ.

„ვითხოვთ ხელფასის 30%-მდე მომატებას. ვმუშაობთ 12 საათი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე. არ გვაქვს არანაირი პირობები. არ არის გათბობა, სველი წერტილები. არ გვაცვია ფორმა, ჩვენი ტანსაცმლით ვმუშაობთ. არ გვაქვს აირწინაღები, როდესაც მტვერთან და ცეცხლთან მუშაობა გვიწევს“, - აცხადებდა 23 იანვარს გამართული აქციის მონაწილე იმედა ჩეჩელაშვილი.

მომაკვდინებელი ვირუსის შესაჩერებლად ჩინეთმა კიდევ რამდენიმე ქალაქი დაკეტა

ჩინეთის ხელისუფლებამ გიგანტური კარანტინი, რომლის მიზანი მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა, სულ 13 ქალაქზე გაავრცელა. მათი მოსახლეობის საერთო რიცხვი 41 მილიონია.

ვირუსის მსხვერპლმა 24 იანვრისთვის მიაღწია 26-ს, დაავადებულთა რიცხვი 830-ია. კორონავირუსი (2019 Novel Coronavirus (2019-nCoV)) ვირუსის ახალი ტიპია, რომელიც დღემდე ადამიანის ორგანიზმში არ უნახავთ.

განგაში მის გავრცელებას მოჰყვა მისი მსგავსების გამო მწვავე რესპირატორულ სინდრომთან (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში ასეულობით ადამიანი მოკლა ჩინეთსა და ჰონგ-კონგში.

დაავადებულთაგან 177 მძიმე მდგომარეობაშია. ჩინეთის სამედიცინო უწყების თანახმად, 1072 შემთხვევაში ეჭვი აქვთ, რომ მათაც კორონავირუსი შეეყარათ.

ვუჰანში, 11-მილიონიან ქალაქში, საიდანაც გავრცელდა ვირუსი დეკემბერში, შეწყვეტილია ტრანსპორტის მოძრაობა, მოსახლეობას ევალება ნიღბით სიარული. ხალხს მოუწოდებენ, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს, არ დატოვონ ქალაქი.

ვუჰანთან ერთად კარანტინი კიდევ 12 სხვა ქალაქშია გამოცხადებული.

ციხელაშვილი ახალგორთან ე.წ. საზღვრის დროებით გახსნაზე: ეს არ არის შედეგი, რაც უნდა დადგეს

ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დადებითად აფასებს ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის განმავლობაში დაკეტილი ე.წ. საზღვრის „გარკვეული ვადით“ გახსნას, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის ის შედეგი, რაც უპირობოდ უნდა დადგეს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტი სრულად უნდა გაიხსნას და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდავი უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, არის კარგი, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს ეხლა აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა. აუცილებელი იქნება, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს გადაადგილების შესაძლებლობა. და, რა თქმა უნდა, შემდგომ აღარანაირი დაბრკოლება იმისა, რომ იმოძრაონ, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, ისევ გადმოკვეთონ და ასე შემდგომ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარში, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა, მან აღნიშნა, რომ 24 იანვარს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარსა და მის გუნდთან გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ახალგორის მიმართულებით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი იყო.

„აუცილებელია იმ გამოწვევების დაძლევა, რასაც ადგილი აქვს, მაგალითად, წნელისის და ჩორჩანას მიდამოში. ეს არის უსაფრთხოებასთან და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხი, მაგრამ ახალგორთან ჩორჩანას საკითხის ჩაბმა სრულიად დაუშვებელია“, - ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია ასევე გარკვეული მიზნების მიღწევა მოსახლეობის მძევლად აყვანის ფორმით.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებით გახსნა ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე.წ. საზღვარი.

პენსიონერების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე მივიდა, როგორც მოწმე სახელმწიფო ღალატის საქმეში

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, გამოძიების სახელმწიფო ბიუროში მივიდა მოწმის სტატუსით დაკითხვაზე.

საქმე ეხება პოროშენკოს პრეზიდენტობის დროინდელ ქმედებებს, რომლებშიც შეიძლებოდა მას როლი ეთამაშა. გამოძიების ბიუროში მისვლისას პოროშენკომ თქვა, რომ დაკითხვა უკავშირდება სავარაუდო სახელმწიფო ღალატის საქმეს, 2015 წელს მინსკის სამშვიდობო შეთანხმების დადების დროს. შეთანხმება უკავშირდება ვითარებას უკრაინის აღმოსავლეთში, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ 2014 წლის აპრილის შემდეგ.

პოროშენკო, რომელიც ახლა პარლამენტის დეპუტატია, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, არა ერთი საქმის გამო დაიკითხა. გამოძიების ბიუროს თანახმად, 13 საქმეს იძიებენ, რომლებთანაც პოროშენკო ან მისი თანაგუნდელები არიან დაკავშირებული.

მილიარდერმა პოროშენკომ და მისმა პარტიამ, პროევროპულმა, ანტირუსულმა ჯგუფმა, საპარლამენტო არჩევნებში, ივლისში, 25 მანდატი მოიპოვა.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გერმანიასთან მატჩით დაასრულა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს მეცხრე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა, ანგარიშით 8:9.

საქართველოს ნაკრები მთელი შეხვედრა იგებდა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე წუთით ადრე ოთხბურთიანი უპირატესობაც კი ჰქონდა (7:3), მაგრამ... თამაშის ბოლომდე მონაგარს ერთადერთი გოლი შემატა. გერმანელებმა კი კიდევ ექვსჯერ გაიტანეს და საბოლოოდ ანგარიში სათავისოდ შეატრიალეს.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ქართველმა წყალბურთელებმა სულ ექვსი თამაში ჩაატარეს. ჯგუფურ ეტაპზე მოუგეს საფრანგეთს (9:7) და წააგეს საბერძნეთთან (10:17) და იტალიასთან (6:18). მერვედფინალში დამარცხდნენ რუსეთთან (13:14) და მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის მებრძოლ ოთხეულში გადაერთნენ, სადაც გერმანიასთან შეხვედრამდე, პლეი ოფის ნახევარფინალში მოუგეს თურქეთს - 12:6.

ავთანდილ ცინცაძე ხაბეიშვილის ცემაზე: ჩხუბში ვერ ზომავ, ერთხელ მოხვდება თუ ორჯერ

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილისადმი ძალადობა მისმა საქციელმა გამოიწვია.

ავთანდილ ცინცაძე ერთ-ერთია თბილისის საკრებულოს იმ რამდენიმე დეპუტატს შორის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.

„მოხდა, სამწუხაროდ, ჩხუბი. ჩხუბში ვერავინ ვერ ზომავს, ერთხელ მოხვდება თუ ორჯერ. თავის ბრალია... ფიზიკური ძალადობა, რა თქმა უნდა, არ უნდა გამართლდეს და არ არის საჭირო ფიზიკური ძალადობა, მაგრამ მოხდა ეს, ამას საფუძველი ჩაუყარა თვითონ“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლებისა და კულტურის და სარევიზიო კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე.

მოგვიანებით, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის თანახმად, სხდომაზე დაპირისპრება მოჰყვა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომელიც საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდის საკითხს უკავშირდებოდა.

​დაპირისპირების შესახებ ტელევიზიით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ სულ მცირე სამმა წევრმა სცემა. ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი უთანხმოება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მოითხოვდნენ კორექტულად ლაპარაკს და „სიტყვების შერჩევას“.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG