Accessibility links

logo-print logo-print

ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში აქტივისტებმა კარავი გაშალეს - დაძაბულობა გრძელდება


ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თანამდებობა და საკრებულოს დეპუტატის მანდატი. აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ დატოვონ კუხიანიძის ოთახი, სადაც კარავი ჰქონდათ გაშლილი. საკრებულოს დეპუტატის სამუშაო ოთახსა და მისაღებში მათ გააკრეს სტიკერები „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“.

საკრებულოში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქტივისტების სამუშაო კაბინეტიდან გაყვანის მცდელობისას რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. პოლიციამ ტერიტორია ძალით დაატოვებინა საკრებულოს წევრს, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ლევან ხაბეიშვილს.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ საკრებულოს უმრავლესობა არ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ერეკლე კუხიანიძის გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებისა და მისი საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამ მიმართულებით ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიური იყო 16 დეკემბერსაც, როდესაც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა.

„ის, რაც ვთქვი ემოციურად და გადავედი კორექტულობის ზღვარს, იმაზე ვიხდი ბოდიშს. დანარჩენი მე არ ვიცი, რა ხდება“, - თქვა „ტვ პირველის“ ეთერში 16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის შესახებ „ფეისბუკზე“ დაწერილი ტექსტის შესახებ.

კუხიანიძე საკუთარ სიტყვებს ასე განმარტავს: „მე ვთქვი, რომ როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს და შენ მაინც მას შეურაცხყოფას აყენებ, ეს არის პროვოკაცია ან რაღაც... მე იმ მომენტში გამიჩნდა შეგრძნება და ვთქვი, რომ ის ფორმა არ არის სწორი“.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG