Accessibility links

logo-print logo-print

ლევან ხაბეიშვილი: კარავი საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტშიც დაიდგმება


ლევან ხაბეიშვილი

საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის შემდეგ კარავი საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტშიც გაიშლება:

„შემდეგი გაჩერება იქნება საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტი და მის კაბინეტშიც აუცილებლად დაიდგმება კარავი“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ძალის გამოყენებით დაატოვებინეს საკრებულოს შენობა:

„ვინც ვაპროტესტებთ, ისინი გარეთ უნდა გამოგვყაროს პოლიციამ ძალის გამოყენებით და ტყვე რომ არის ჩვენი მოქალაქე, მას ვინც წიხლს მიაყოლებს, საკრებულოში უნდა იჯდეს? შვილს აღარ უნდა კუხიანიძე, შვილმა უარყო, ცოლმა უარყო და „ქართულ ოცნებას“ ვერ უარვაყოფინეთ. ასეთი არაფერი გამიგია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც ხელზე დაზიანება მიიღო, როგორც თავად განმარტა, მაშინ, როცა „პოლიცია ეფერებოდა“. პოლიციის მიერ საკრებულოდან ძალით გამოყვანის შემდეგ მან კარს ბოქლომი ჩამოჰკიდა.

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნიკოლოზ ჭონქაძის ბრძანებით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან აქტივისტების ძალის გამოყენებით გაყვანას ცდილობენ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საკრებულოში დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი დეპუტატის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამოთქმებს აპროტესტებენ და მოითხოვენ, ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თანამდებობა და საკრებულოს დეპუტატის მანდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG