Accessibility links

პოლიციამ თბილისის საკრებულოში საპროტესტო აქციის 4 მონაწილე დააკავა


დედაქალაქის საკრებულოში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო 4 პირია დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულ პირთა მიმართ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებული პირები თბილისის პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოში არიან გადაყვანილები.

პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტებსა და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახის მისაღები. ადგილზე რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე. კაბინეტის მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის კიბეს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. მათ გააპროტესტეს დეპუტატის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები. ისინი მოითხოვენ, ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თანამდებობა და საკრებულოს დეპუტატის მანდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG