Accessibility links

ბექა დავითულიანი ოპოზიციას: ჯერ თქვენ გაგყრით ამ შენობიდან და მერე მოგაყოლებთ კუხიანიძეს


„ჯერ თქვენ გაგყრით ამ შენობიდან და მერე მოგაყოლებთ ერეკლე კუხიანიძეს“, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს და „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას. ბექა დავითულიანი საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე წევრთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებთან მაშინ მივიდა, როდესაც ისინი ბრიფინგს მართავდნენ.

„ერეკლე კუხიანიძეს მოვხსნით თუ არა, ამას გადავწყვეტთ ჩვენ, ამას გადავწყვეტთ მას შემდეგ, რაც თქვენ აქ არ იდგებით. თქვენ არავის არ მოგახსნევინებთ, ვინც მოსახსნელია, ჩვენ მოვხსნით და ამას მივიღებთ ჩვენ თქვენი ყიჟინის გარეშე“, - უთხრა ბექა დავითულიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს და ისინი საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში სასაუბროდ მიიწვია.

ამ წუთებში დასრულდა გიორგი ტყემალაძისა და ბექა დავითულიანის შეხვედრა ელენე ხოშტარიასა და ხატია დეკანოიძესთან. საუბრის თემა იყო ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა, თანამდებობა და საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს ერეკლე კუხიანიძემ, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს. ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს, საკრებულოს უმრავლესობა კი ერეკლე კუხიანიძის საკითხზე სხდომის გამართვის თარიღს წინასწარ არ ასახელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG