Accessibility links

site logo site logo

ხატია დეკანოიძე: უმრავლესობას საკრებულოს სხდომებს არ ჩავატარებინებთ


ხატია დეკანოიძე, ელენე ხოშტარია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის პარტიის წევრობიდან გარიცხვამდე, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე და საკრებულოს წევრობის მანდატის ჩამორთმევამდე ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გაგრძელდება. მათ შორის, მათი ძალისხმევით ჩაიშლება საკრებულოსა და კომისიების სხდომები:

„ჩვენ და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სჯერათ ვაჟა გაფრინდაშვილის, რომელთაც სჯერათ საქართველოს სინდისის და თავისუფლების, ეს ადამიანები არ ჩავატარებინებთ არც ერთ საკრებულოს სხდომას, არ ჩავატარებინებთ კომისიის სხდომას და დიახ, გვექნება მწვავე პროტესტი, სანამ ეს უტიფარი, უსინდისო ადამიანი და სირცხვილი წარმოადგენს აქ თბილისელების მანდატს. პროტესტი გრძელდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მან მხარდამჭერებს საკრებულოს შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.

პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტებსა და საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს დღეს, 17 დეკემბერს, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის სამუშაო ოთახის მისაღები. დაკავებულია აქციის 4 მონაწილე.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. მათ გააპროტესტეს დეპუტატის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები. ისინი მოითხოვენ, ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს თანამდებობა და საკრებულოს დეპუტატის მანდატი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით აგრესიული განცხადებების გაკეთების გამო მმართველ გუნდში ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს საკმარისი არაა და უმრავლესობა მისი თანამდებობრივი მდგომარეობის საკითხზე იმსჯელებს.

როგორც ბექა დავითულიანმა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ოპოზიციის ლიდერებთან, ელენე ხოშტარიასა და ხატია დეკანოიძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, უმრავლესობის სხდომის თარიღი უცნობი დარჩება, რათა ოპოზიციამ მორიგი „კონცერტი“ არ მოაწყოს. მისი თქმით, უმრავლესობა ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგით არ იმოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG