Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა: პროტესტი გრძელდება


თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილის თქმით, ერეკლე კუხიანიძის თემაზე პასუხი ვერ მოისმინეს შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობის სხვა დეპუტატები ესწრებოდნენ.

„ფაქტობრივად, მთელი უმრავლესობა იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში. უმძიმესი სანახავია საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები, რომლებიც უმწეოდ გამოიყურებიან. გულწრფელად ვწუხვარ ამ ადამიანების გამო. მათ შორის ეტყობათ ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის კვალიც კი. არანაირი გადაწყვეტილების მიმღები ეს ხალხი არ არის“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

რამდენიმეწუთიანი შეხვედრის შემდეგ, როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ოპოზიციამ ჩიხიდან გამოსავალი თავად შესთავაზა: „გააკეთონ განცხადება, გაემიჯნონ კუხიანიძეს და დაატოვებინონ საკრებულოს მანდატი“.

როგორც ხაბეიშვილის ამბობს, საკრებულოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თათბირობდნენ, როგორ აიცილონ პროტესტი ისე რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღონ.

„თან გაემიჯნონ, თან თანამდებობიდან არ გადააყენონ... არ ვიცი ეს „ტრიუკი“, როგორ უნდა ჩაატარონ, რაც მათ ბელად უყვარს“, - ამბობს ხაბეიშვილი.

ოპოზიცია გეგმავს საკრებულოს თავმჯდომარის ოთახის, შემდეგ კი მისი მოადგილის ოთახის დაკავებას.

„პროტესტს გავაგრძელებთ და ის ფორმები იქნება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაშვებული. კარვის გაშლა არ არის უკანონო. მომდევნო დღეებში აქციები გაგრძელდება“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიას თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს პასუხი არ აქვს, როდის ჩატარდება უმრავლესობის სხდომა.

„ტყემალაძე, ასევე არაფერს ამბობს, რა პოზიცია აქვს ერეკლე კუხიანიძის გაშვების საკითხზე. ეს არის ცინიზმი. მახსოვს, გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ იმეორებდნენ, პროტოკოლის ბრალი არისო. თავი, რომ დავანებოთ ოპოზიციის მიმართ სიძულვილს, თავადაც ხო ესმით, რომ ეს პროტესტი ლეგიტიმურია. ამ პროტესტს რითი პასუხობენ“, - ამბობს ხოშტარია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკრებულოში „პატარა გავრილოვის“ ყოფნაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაა.

„ეს იმდენად აშკარაა, რომ კონტრაქციაც კი მოაწყვეს კუხიანიძის დასაცავად. პროტესტის გარეშე ამ ადამიანს [ერეკლე კუხიანიძეს] ბიძინა ივანიშვილი არ მოიცილებს“, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი ტყემალაძემ მედიას უთხრა, რომ საკრებულოს უმრავლესობის სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.

თბილისის საკრებულოს შენობაში და მის გარეთ პროტესტის გამოხატვა, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გაავრცელა (13 დეკემბერს) და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მორიგი პოსტი ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მან 15 დეკემბერს გამოაქვეყნა და თქვა, რომ საზოგადოების ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა აქვს. ამ მიმართულებით ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიური იყო 16 დეკემბერსაც, როდესაც მან ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG