Accessibility links

კახა კალაძე: როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ


კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მოზარდი დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმს. თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში კახა კალაძემ აღნიშნა, რომ როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოებაა:

„ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით ჩვენ 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და, ალბათ, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენ ირგვლივ იყო, იყო დიდი გამოწვევა და ხშირად, შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი.

ლუკაც ასეთი ბიჭი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს - ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ, რისი გულისთვის? უბრალოდ ძალიან მძიმეა, ზოგადად რომ შევხედოთ, რა ხდება ირგვლივ.

შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია.

როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ, ყველანი, იმიტომ, რომ ოჯახი, სკოლა, ასევე სახელმწიფოც ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ლუკა სირაძის ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG