Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის პროკურორები: ჯულიანის ახლობელმა მილიონი დოლარი მიიღო უკრაინელი ოლიგარქისგან


აშშ-ის პროკურორებმა 17 დეკემბერს სასამართლოზე განაცხადეს, რომ ლევ პარნასმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის ახლობელია, ერთი მილიონი დოლარი მიიღო უკრაინელი ოლიგარქის, დმიტრო ფირტაშის ადვოკატისგან.

პროკურორების შეფასებით, უნდა გაუქმდეს პარნასისთვის შეფარდებული გირაოთი გათავისუფლება, რადგან მან სრული ინფორმაცია არ გასცა თავის შემოსავლებსა და ქონებაზე, მათ შორის, ფირტაშის ადვოკატისგან მიღებულ თანხაზე, როცა გათავისუფლების პირობებზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს. თავად პარნასი თანხის დამალვის ფაქტს უარყოფს.

უკრაინული წარმომავლობის აშშ-ის მოქალაქე პარნასი, რომელსაც ბრალად ედება სარჩევნო კამპანიის დროს დარღვევები, შეთქმულება და ყალბი განცხადებების გაკეთება, გირაოთი გაათავისუფლეს ოქტომბერში დაპატიმრების შემდეგ და ფლორიდაში, შინაპატიმრობაში იმყოფება. გასულ კვირაში პროკურორებმა აშშ-ის რაიონულ მოსამართლეს ნიუ-იორკში სთხოვეს პარნასის გირაოს გაუქმება. მათ ახსენეს ერთი მილიონი დოლარის ოდენობის თანხა, რომელიც მან სექტემბერში მიიღო რუსეთში რეგისტრირებული ანგარიშიდან, ბრალის წაყენებამდე ერთი თვით ადრე. ანგარიში მისი ცოლის, სვეტლანა პარნასის სახელზე იყო. 17 დეკემბერს პროკურორმა რებეკა დონალესკიმ თქვა, რომ თანხა ფირტაშისგან იყო მიღებული, მისი ადვოკატის შუამავლობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG