Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა


ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ განათდება 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება“, - მათქვამია მერის განცხადებაში.

რადიო თავისუფლებას ქუთაისის მერიაში უთხრეს, რომ ამ კვირაში არც ქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG