Accessibility links

logo-print logo-print

რუსთავში საპროტესტო წარწერების ნაწილი წაშალეს


18 დეკემბრის დილით ე.წ. რუსთაველი ბიჭუნას ძეგლთან მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს.

რუსთავში შს სამინისტროს პოლიციის მთავარ სამმართველოსა და სამხარეო პროკურატურასთან ღამით დატოვებული საპროტესტო წარწერების ნაწილი დილით წაშალეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გუშინ, ღამით, რუსთავის ქუჩებში, ქვემო ქართლის პროკურატურის, ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოსა და თვითმმართველობის შენობების, ასევე იუსტიციის სახლის წინ, ტროტუარზე საპროტესტო შინაარსის წარწერები გააკეთეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვიკა ფილფანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა ამ ფორმით 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ფაქტი გააპროტესტა: „ლუკას სიკვდილში დამნაშავეა მთელი საზოგადოება: ჩვენ, უბრალო მოქალაქეები, ხელისუფლება, სკოლა. ამ სისტემაში მოზარდები დაუცველები არიან“.

18 დეკემბრის დილით ე.წ. რუსთაველი ბიჭუნას ძეგლთან მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს. აქციის მონაწილე ნიკა კურტანიძემ თქვა, რომ „რუსთაველი ბიჭუნა“ მოზარდებთან ასოცირდება, მათთან, „ვინც ამბობს, მაგრამ არავინ უსმენს“. მისივე თქმით, არა მხოლოდ ლუკა სირაძის ტრაგედიაში, არამედ სხვა მსგავს ფაქტებში ბრალი მიუძღვის „მთელ სისტემას“.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე. 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 დეკემბერს რუსთავის პოლიციის სამმართველოსთან დაგეგმილია შეკრება, რათა წინ აღუდგნენ „უსამართლო, პოლიციურ, ძალადობრივ რეჟიმს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG