Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდა თოლორაია: გარემოებები, რომელიც ბავშვისთვის არ იყო მისაღები, იკვეთება სკოლაშიც


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრობლემებს პოლიციის გარდა სკოლაშიც ხედავს.

„გარემოებები, რომელიც ბავშვისთვის არ იყო მისაღები და ბავშვების გარემოსთვის არ არის სასურველი, იკვეთება სკოლაშიც და, რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა პოლიციაში“, - განაცხადა დღეს, 18 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა ლონდა თოლორაიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.

თოლორაიას ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოწმეთა წრეა როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე იკითხებიან სკოლის მასწავლებლები და ბავშვები.

„ვინაიდან, მოწმეთა წრე არიან ბავშვები, რა თქმა უნდა, ამ ბავშვების დაბარებას, მოყვანას გამოკითხვაზე, მათ ემოციურ მდგომარეობას ჩვენ ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას. ამიტომ, ყველა სიტყვას ვწონი, რასაც ვამბობ. ჯერჯერობით ვამბობ იმას, რისი თქმის შესაძლებლობაც, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია. ასევე, საქმის ინტერესებიც მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ საქმეზე, ყველა დეტალზე ვისაუბროთ ქრონოლოგიურად, რა მოხდა დაწყებული სკოლის მოხატვიდან უკვე ბოლო მომენტამდე, მინდა ცოტა დრო კიდევ“, - უთხრა ჟურნალისტებს ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორი უარყოფს, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის დაკავება მხოლოდ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა: „ერთადერთი, რასაც ველოდებოდით, ეს იყო მტკიცებულებები, რომლებიც მოგვცემდა იმის საშუალებას, რომ რომელიმე პირის მიმართ ამ ტიპის გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. მტკიცებულებათა სტანდარტი როგორც კი შეიკრა, ეს იყო უკვე გუშინ, დღის სამ საათზე მარიანა ჩოლოიანი უკვე ჩვენს საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია რომ ზუსტია, შეგიძლიათ მასთანაც გადაამოწმოთ და მის ადვოკატთანაც. შესაბამისად, ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია ეძლევა ამ საკითხს, რასაც ვერ დავეთანხმები. ოფიციალური დაკავება, კი ბატონო, განხორციელდა მას შემდეგ, რაც ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა, ეს ადამიანი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, სწორედ იმიტომ, რომ უკვე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სამი საათიდან იმყოფებოდა ჩვენს საგამოძიებო ორგანოში".

ლონდა თოლორაიას თქმით, გამოძიება კიდევ გრძელდება: "ყველას გპირდებით, არც ერთი პირი, რომლის მიმართაც სამსახური შეკრებს მტკიცებულებას, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს ვთქვათ, რომ კიდევ არის ვიღაც პირი, რომლის მიმართაც დევნა არის დასაწყები, გპირდებით, რომ არცერთი პირის მიმართ არანაირი ფაქტის შელამაზებას ადგილი არ ექნება."

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება. დაკავებისას გამომძიებელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG