Accessibility links

logo-print logo-print

გამოძიება: ხანგოშვილთან დაკავშირებით გერმანიიდან გაძევებული რუსი დიპლომატი გრუ-ში მუშაობს


რუსეთის ერთ-ერთი დიპლომატი, რომელიც გერმანიიდან გააძევეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, არის გერმანიაში რუსეთის მთავარი სამხედრო ატაშეს მოადგილე, გრუ-ს ოფიცერი ევგენი სუცკი. ამის შესახებ ლაპარაკია გერმანული ტაბლოიდის, Bild-ისა და საერთაშორისო ჯგუფ Bellingcat-ის ერთობლივ გამოძიებაში.

გაძევებული მეორე დიპლომატის ვინაობას ჯერჯერობით არ იტყობინებიან. იმის შესახებ, რომ რუსეთის ორივე მოქალაქე შეიძლება გრუ-სთვის მუშაობს, ადრე წერდნენ Suddeutsche Zeitung-ი და Spiegel-ი.

გამოძიების ავტორთა თანახმად, შესაძლოა, სუცკი ეწეოდა გერმანიის პოლიტიკოსების გადაბირებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით რუსეთის ინტერესების მხარდასაჭერად.

Bild-ის პოლიტიკურმა რედაქტორმა იულიან რეპკემ სუცკის ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც რეპკე აცხადებს, ერთ-ერთ მათგანზე გრუ-ს ოფიცერი დიპლომატების შვილებს ასწავლის ბერლინში რუსეთის საელჩოსთან არსებულ სკოლაში. ამასთან, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, დიპლომატების გაძევების შემდეგ საელჩოს საიტიდან გაქრა შეტყობინება სუცკის ლექციის შესახებ.

23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ხელმძღვანელობდა რუსეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლი სეპარატისტების ერთ-ერთ ქვედანაყოფს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთის მოქალაქე. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ქვეყანა დაატოვებინეს რუსეთის ორ დიპლომატს. რუსეთმა მსგავსი ნაბიჯით უპასუხა ამ ზომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG