Accessibility links

logo-print logo-print

ოპოზიციური პარტიები 19 დეკემბერს პარლამენტის პიკეტირებაზე უარს ამბობენ


ოპოზიციური პარტიები მწუხარებას გამოთქვამენ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ 19 დეკემბერს პარლამენტის პიკეტირებას არ განახორციელებენ:

„უდიდეს მწუხარებასა და სევდას ვგრძნობთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. შეუძლებელია ამ უმძიმეს წუთებში ნუგეშის სიტყვების გამოძებნა. პირველ რიგში გვსურს მივუსამძიმროთ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო.

ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა.

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა და არც ბოლო იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში სისტემურ ცვლილებებს არ განვახორციელებთ.

ლუკას ტრაგედიამ მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ხვალისთვის დაგეგმილი პარლამენტის პიკეტირება გავაუქმოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ უარს ვამბობთ ჩვენ სამართლიან არაძალადობრივი პროტესტის სხვა ფორმებზე.

სისტემა სრულად წარმოგვიდგა მისი მანკიერი და ძალადობრივი ფორმით, აუცილებელია მისი დროული შეჩერება და შეცვლა“, - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

მოზარდის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე მიუთითებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG