Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს კენჭს უყრიან დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს


დონალდ ტრამპი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს იმართება კენჭისყრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე.

იმპიჩმენტი, რომელსაც აშშ-ის კონსტიტუცია ითვალისწინებს, არის თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენების პროცედურა „სახელმწიფო ღალატის, მექრთამეობის ან სხვა მძიმე დანაშაულისა და დარღვევისთვის“. ტრამპის წინააღმდეგ წამოაყენეს ორი ბრალდება - ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესისთვის ხელის შეშლა გამოძიებაში.

ტრამპს ბრალად ედება, რომ ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახორცილებდა, რათა მას გამოძიება დაეწყო ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. ბრალდების თანახმად, ამის მისაღწევად ტრამპმა უკრაინას დროებით შეუჩერა სამხედრო დახმარება.
თუკი წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს ბრალდებებს, ტრამპი იქნება აშშ-ის ისტორიაში მესამე პრეზიდენტი, რომლის მიმართაც იმპიჩმენტის პროცედურას გამოიყენებენ.

მაგრამ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება ჯერ არ ნიშნავს თანამდებობიდან მის გადაყენებას. ბრალდებები სენატმაც უნდა დაამტკიცოს ხმების ორი მესამედით. ამერიკის ისტორიაში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ერთი პრეზიდენტი - რიჩარდ ნიქსონი - იმპიჩმენტის თაობაზე ფორმალურ კენჭისყრამდე გადადგა.

როგორც მოელიან, წარმომადგენელთა პალატა, რომელშიც დემოკრატები ფლობენ უმრავლესობას, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

იმპიჩმენტზე კენჭისყრა, სავარაუდოდ, თბილისის დროით ნაშუაღამევს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG