Accessibility links

site logo site logo

ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ქირურგიული ოპერაცია დასრულდა


საპატრულო პოლიციის 29 წლის თანამშრომლის ქირურგიული ოპერაცია დასრულდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

სამედიცინო კლინიკის დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრა, რომ „ახლა პაციენტს ქირურგიული ოპერაციის შემდგომი მკურნალობა უტარდება. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური".

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კისრის არეში ცივი იარაღით არის დაჭრილი.

18 დეკემბერს ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის 29 წლის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევა დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა.

აჭარის პოლიციის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის თქმით, პატრულის თანამშრომელს მოულოდნელად დაესხნენ თავს.

„ბათუმში საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობის დროს გააჩერა მოქალაქემ. პატრულ-ინსპექტორი გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც მას ცივი იარაღით მოულოდნელად მიაყენა ჭრილობა მოქალაქემ. მისი დაკავება ადგილზევე მოხდა", - ამბობს ანანიაშვილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG