Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დროა კონკრეტული ნაბიჯების


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც თავად ამბობს, დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიებს 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საქმეს და საზოგადოებაში არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩება.

გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე, მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა უწყებას დაევალა სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობა: „ჩვენ ასევე, უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები, უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამის უწყებებზე. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების და ამ სივრცის შექმნის თვალსაზრისით. განათლების სამინისტრომ ყველა სხვა უწყებებთან ერთად უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. იუსტიციის სამინისტრომ უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე მაშინ, როდესაც სამართალდამცავ სისტემასთან მათ აქვთ შეხება. ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მიმართულებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რომლებიც ფსიქოლოგიურად მოზარდებთან მუშაობას ეხება“.

გახარიას განცხადებითვე, განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი ფუნქცია - პროაქტიულად, პრევენციულად აღმოაჩინოს სკოლაში მოზარდების ყოველდღიური პრობლემები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა ამ მიმართულებით შედეგის სწრაფად მისღწევად სისტემურად უნდა იმუშაონ. გიორგი გახარიას შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფომ, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრომ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ შემდგომი ნაბიჯები უფრო სწრაფად უნდა გადაიდგას.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა დარგის ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რათა დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების კოორდინირებულად განსაზღვრა

„დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG