Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: ვნახოთ, გაფართოვდება თუ არა ლუკა სირაძის საქმეში გამოსაკითხ და დასაკითხ პირთა წრე


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მედიასთან ერთად აკვირდება, გაფართოვდება თუ არა ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეში გამოსაკითხ და დასაკითხ პირთა წრე:

„ვნახოთ ეს წრე გაფართოვდება თუ არა და მოიცავს თუ არა სამართალდამცველ სისტემაში სხვებს, სხვა პირებს, ვიდრე ერთი გამომძიებელია. და ასევე ძალოვანი სტრუქტურების გარდა საგანმანათლებლო სისტემაში, მათ შორის სკოლის მესვეურებს და სხვა წარმომადგენლებს. ამიტომაც არის ეს საქმე კომპლექსური“, - აღნიშნა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა. მან განაცხადა, რომ შესაძლოა, ჰქონდეს თავისი პასუხები იმასთან დაკავშირებითაც, როგორ იქნა გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, თუმცა ჯერ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ:

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს კოდექსი კოდექსობდეს, აუცილებელია რომ ის იყოს გამოყენებული ზედმიწევნით კარგად იმ ადამიანების მიერ, ვინც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილეობს - იქნება ეს პოლიციელი, იქნება ეს სოციალური მუშაკი, პროკურორი, მოსამართლე თუ სხვა. იყო თუ არა არასრულწლოვანთა ქართული კარგი მართლმსაჯულების კოდექსი კარგად გამოყენებული იმ დღეს მოცემული არასრუწლოვანი პირის გამოკითხვისას თუ დაკითხვისას ამაზე მე ჩემი პასუხები შეიძლება მქონდეს, მაგრამ უნდა დაველოდოთ რას იტყვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რადგან მას მიჰყავს გამოძიება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

15 წლის ლუკა სირაძემ სკოლაში კედლებზე გაკეთებულ წარწერებზე გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მოზარდი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახი და მათი უფლებადამცველები სამართალდამცველებს ბავშვის აღიარებითი ჩვენების იძულებით მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ.

საქმეზე დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ერთი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით. ის ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG