Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი: სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რატომ ვარჩევთ მტყუან-მართალს


გია ვოლსკი
გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გარდატეხის ასაკში სუიციდი გლობალური პრობლემაა და 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეში არ გვაქვს უფლება მტყუან-მართალი სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივსა და პოლიციას შორის ვარჩიოთ:

„ეს გლობალური პრობლემაა და ამას ესეთი მიდგომა, რომ მაინცდამაინც პიროვნება გამოაჭენო წინ, დააბრალო და ყველა ცოდვა ჩამოჰკიდო, არის ყველაზე ცუდი გზა, რომელიც შეიძლება ავირჩიოთ ამ შემთხვევაში. სისტემა უნდა შეიქმნას, არ შეიძლება მხოლოდ სასჯელით მივუდგეთ ამ საკითხს.

სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივს და პოლიციას შორის ვარჩიოთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალია. ყველგან მოხდა დანაშაული და სათანადო დამოკიდებულების დეფიციტის დემონსტრირება და ეს სხვათაშორის, პატარა საქართველოსთვის არ უნდა იყოს პრობლემა, რომ არა სპეკულაციური გამონათქვამები.

არც ერთ ადამიანს, მე ვისაც ვხედავ დღეს მჭახე განცხადებების ავტორებს, მრჩება შეგრძნება, რომ გული არ სტკივათ ამაზე და რაღაც დივიდენდის მიღება უნდა ყველას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. იგი ამბობს, რომ პირადად, კოლეგებთან ერთად, არ არის განწყობილი იმისთვის, რომ მომხდარი ტრაგედია ვინმეს დააბრალოს:

„ის ადამიანი ცოდო არ არის, სკოლის დირექტორი? დღეს მოვუსმინე. სულ არ ჰქონდა განზრახვაში, რომ ესეთი ცოდვა ეტარებინა ცხოვრების ბოლომდე. მაგრამ ხომ ფაქტია, ამ საკითხთან შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა. ურემი რომ გადაბრუნდა, ახლა დავინახეთ გზა. იგივე პოლიციაშიც, მით უმეტეს ქალი თუ ხარ, პოლიციელი თუ ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ აქ მძიმე სიტუაციაა და იმოქმედო ყველანაირ შესაბამისობაში რეგლამენტთან და წესდებასთან.

ოპონენტები კი ისევ იმ მავნებლური რეჟიმში არიან, მავნებლური რეჟიმი ჰქვია იმას, რომ მიიღო რაც შეიძლება მეტი დივიდენდი უბედურებისგან, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი გამოწურო ამ სიტუაციას“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

15 წლის ლუკა სირაძემ სკოლაში კედლებზე გაკეთებულ წარწერებზე გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მოზარდი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახი და მათი უფლებადამცველები სამართალდამცველებს ბავშვის აღიარებითი ჩვენების იძულებით მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG