Accessibility links

site logo site logo

არჩილ თალაკვაძე: ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აზრის და პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ძალიან სახიფათოა კამპანია, რომელიც ზოგიერთმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა წამოიწყო 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომის დაწყების წინ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სახელით მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო და ლუკა სირაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. თალაკვაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიება პასუხს გასცემს ყველა შეკითხვას.

„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს, ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით და ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი. ფაქტობრივად, ამით ჩვენ ვუგზავნით მესიჯს სხვა ბავშვებსაც, რომ მათაც იგივე დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ საზოგადოებაზე, თავის სკოლაზე და თავის ცხოვრებასთან მიმართებაში. ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მით უმეტეს, როდესაც ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი, ვეუბნებით, რომ ამ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად, პოზიტივის ადგილი არ არის, ოპტიმიზმის ადგილი არ არის და მათი ადგილიც არ არის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფსიქოლოგიაში არსებობს „ქოფიქეთის“ ფენომენი, ვერტერის სინდრომი, როდესაც სუიციდის ფაქტების ამ ტიპის პოპულარიზაციით, სხვა მოზარდებიც იმეორებენ ქცევას: "გთხოვთ, გავაკეთოთ პირიქით, გავაკეთოთ მეტი იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა, ბავშვებმა დადებით გარემოში იცხოვრონ. მივცეთ მათ მეტი ოპტიმიზმი, მივცეთ სწორი შეფასებები და ვუთხრათ, თუ როგორია უკეთესი სამყარო, როგორია უკეთესი სკოლა, როგორია უკეთესი საზოგადოება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა და ყველას შვილებმა ამ ქვეყანაში, ბავშვებმა იცხოვრონ უფრო ბედნიერ, უფრო პოზიტიურ გარემოში“.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება. გამომძიებელს ბრალი ოფიციალურად დღეს, 19 დეკემბერს წაუყენეს.

ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში საპროტესტო აქციები დაიწყო. ორგანიზატორების ნაწილი აქციის დევიზად იყენებს "მწვანე სკოლის" კედლებზე დაწერილ სიტყვებს "ამ ცხოვრების დედაც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG