Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა „თალიბანთან შეთანხმების დასრულებისთვის“


აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის შეხვდა „თალიბანთან შეთანხმების დასრულებისთვის ზომების“ განსახილველად.

თალიბანი ავღანეთში ამ ქვეყნის მთავრობის შენაერთებს, აშშ-ის და ნატოს ჯარს ებრძვის.

ვაშინგტონმა გასულ თვეში განაახლა მოლაპარაკება აშშ-ის ჯარის შესაძლო გაყვანის გარშემო ავღანეთიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოულოდნელად შეწყვიტა თალიბანთან მოლაპარაკება სექტემბერში ძალადობის ზრდის გამო.

ავღანეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი იტყობინება, რომ ღანიმ გამოხატა „შეშფოთება მუდმივი ძალადობის გამო თალიბანის მხრიდან“ და თქვა, რომ ავღანელები იმსახურებენ მყარ მშვიდობას.

თალიბანს არ სურს ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკება, რადგან მას აშშ-ის „მარიონეტად“ თვლის. „ფრანსპრესის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღანი-ხალილზადის მოლაპარაკება ეხებოდა თალიბანთან შეთანხმების დასრულებისთვის საჭირო ზომებს. წარმომადგენელმა დასძინა, რომ „თუ შეთანხმება მიღწეულ იქნება, პროცესი უნდა გაგრძელდეს შიდა ავღანური მოლაპარაკებით".

აშშ-ს ავღანეთში 12-13 ათასი სამხედრო ჰყავს. გავრცელდა სპეკულაცია, რომ 2020 წლისთვის პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება ავღანეთიდან ოთხი ათასი სამხედროს გაყვანა გამოცხადოს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ესწრაფვის ჯარების შემცირებას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევით თუ მის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG