Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ოფიციალურად პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრებს ხვდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის კონგრესის წევრების წერილის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„რაც შეეხება კონგრესმენების წერილს, მასში იგრძნობა საქართველოს მხარდაჭერის და გულშემატკივრობის სულისკვეთება, რასაც ყველა ძალიან ვაფასებთ. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად განაპირობებს ვაშინგტონში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდებას. რადიკალური ოპოზიციის მიერ, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების დესტრუქციული ნაბიჯების და მიზანმიმართულ ლი მცდელობის საპასუხოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში კომუნიკაციას და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სწორედ, ადამ კინზინგერი იყო ერთ-ერთი ხელმომწერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წერილის, რომლის ადრესატიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.

მეგობართა ჯგუფი მზარდ შეშფოთებას გამოთქვამს „ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ".

ღია წერილის ასლი ტვიტერზე გამოაქვეყნა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა, რომელიც წერს, რომ წერილი გახარიას ერთობლივად გაუგზავნეს მან და მეორე თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG