Accessibility links

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი ხვალ გაიმართება


საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე, რომელიც 20 დეკემბერსაა დაგეგმილი, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების ინიციატივის წარდგენას ელოდებიან. დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ თავიანთი პროექტი უკვე წარადგინეს და ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხვალინდელი დღე მისთვის გადამწყვეტია, რადგან იანვრიდან, კოლეგებთან ერთად იწყებს საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას.

„ან „ქართული ოცნება” არის ადეკვატური, ადეკვატურად უყურებს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებას ან არის არაადეკვატური და რაღაც სისულელეს მოიტანს. ჩვენ მივეცით მათ კიდევ ვადა, რაც თვითონ ითხოვეს და ველოდებით პასუხს.

ტექნიკურ დეტალებში რომ არ შევიდე, საკითხი ეხება საქართველოს მომავალს, რომლის მოსპობაში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“. ამ მომავლის საბოლოო მოსპობის წინააღმდეგობის მექანიზმი უნდა შევქმნათ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

თავის მხრივ, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სისტემები შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს:

„ჩვენ პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემდეგ მოვიფიქრეთ და გავაკეთეთ გერმანულ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა ანუ ჩვენ მთავარი ამოცანის - სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას ვცდილობთ. ხელისუფლება თუ იმავე ამოცანის, სხვა სისტემით შესრულების ფორმულას მოიტანს, ჩვენ ყურადღებით წავიკითხავთ. თუ ეს იქნება ფორმულა, რომლიც უბრალოდ ყურადღების გადატანას ემსახურება ან არაფერს ცვლის, ხვალ ამასაც მოგახსენებთ,“ - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მონაწილეობით 20 დეკემბერს 10 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG