Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი: ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია დასრულდა, მდგომარეობა მძიმეა


ცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია ექიმ არჩილ ჯვარშეიშვილის განმარტებით, წარმატებით დასრულდა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოპერაცია 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

"პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალასი. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. დაზიანებული იყო ძვლები ქალა-ტვინის, შუბლის წილში და თხემის წილში და გავიყვანეთ საოპერაციოდ. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია, დადრენირებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია ასე ვთქვათ, ოპერაციის ბოლოს, ჰემატომის მოშორებიას შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი და პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, რაზეც დარჩება რამოდენიმე დღე.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე და რამოდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება“, - განაცხადა არჩილ ჯვარშეიშვილმა ოპერაციის დასრულების შემდეგ. იგი არ გამორიცხავს, რომ ცოტნე გამსახურდიას კიდევ დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა, როგორც თავზე, ასევე გულმკერდზე. არჩილ ჯვარშეიშვილის თანახმად, ეს ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე გამოჩნდება:

„გვეყოლება ძილში რამდენიმე დღე. ყოველდღიური მონიტორინგი იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით და ყველაფრით, ყველა რესურსით, რაც კლინიკაში გვაქვს და ყველაფერი გვაქვს, რისი საჭიროებაც არის. დანარჩენი გამოჩნდება ყოველდღიური დაკვირვების რეჟიმში“, - აღნიშნა არჩილ ჯვარშეიშვილმა.

ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში პირველი ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. ტომოგრაფიული გამოკვლევის შემდეგ პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG