Accessibility links

დავით უსუფაშვილი: "ქართულ ოცნებას" საარჩევნო სისტემის გაფუჭებაში ვერ დავეხმარებით


დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების ინიციატივით მმართველმა პარტიამ ოპოზიციას პრაქტიკულად პროპორციული არჩევნების საერთოდ გაუქმებაში დახმარება სთხოვა:

„ისინი გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს, პროპორციულ არჩევნებს ვერ გავაუქმებთ, არადა, გვინდა, რომ გავაუქმოთ და ამაში მოგვეხმარეთო. ახლა როგორ ფიქრობთ, რა იქნებოდა ჩვენი პასუხი? რა თქმა უნდა, ვეუბნებით, რომ გაფუჭებაში არ მოგეხმარებით. ჩვენ მზად ვართ, ერთად გავაკეთოთ საქმე და გაკეთება იქნება ის, რომ შევთანხმდებით პროპორციულ სისტემაზე ამ მოდელით, ან რამე სხვა მოდელით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ.

„2020-ის იქით საქმის გაფუჭება მათ აღარ შეუძლიათ და ამაზე რასაც არ უნდა საუბრობდნენ, ნურავინ ნუ იღელვებს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2020-ის არჩევნებში სანდო სისტემა იყოს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი განმარტებით, ოპოზიცია ხელისუფლების ინიციატივას არ იღებს და ელოდება ეუთოს დასკვნას თავის პროექტზე. დავით უსუფაშვილის თანახმად, ოპოზიციის მოლაპარაკებების მორიგი მეხუთე რაუნდი ხელისუფლებასთან იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება.

სასტუმრო „შერატონში“ დასრულდა მე-4 რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მოლაპარაკებებისა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარეობს. შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემის საკუთარი მოდელი წარადგინა.

მმართველი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ სპექტრს პროპორციული წილის გაზრდის საშუალებით შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას სთავაზობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ინიციატივა გულისხმობს, პროპორციული წილი სისტემაში 2/3-მდე გაიზარდოს:

„ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, მმართველ გუნდში მიღწეული კონსენსუსი ითვალისწინებს ცვლილების არა ერთჯერადად 2020 წლისთვის, არამედ შემდგომი არჩევნებისთვისაც დაწესებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG