Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელი: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი რჩება წინსვლის საუკეთესო გზად


კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიესალმება მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ საკუთარი ინიციატივის წარდგენას. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დიალოგი გაგრძელდება და იგი გამოყენებულ უნდა იქნას კომპრომისებისთვის:

„დიალოგი, რასაკვირველია, დაფუძნდა როგორც პლატფორმა შესაძლებლობების შესაქმნელად. ეს არ არის წინსვლის ერთადერთი გზა, მაგრამ, ჩემი აზრით, ის ჯერაც რჩება წინსვლის საუკეთესო გზად. თუკი დიალოგის ფორმატში მიღწეული იქნება შეთანხმება, ეს იქნება საუკეთესო შესაძლო შედეგი საქართველოს კარგ ტრაექტორიაზე დაყენებისთვის მომავალი წლის არჩევნებისთვის მზადების თვალსაზრისით. ამისათვის, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველანი დავფიქრდებით, კვლავაც გავაგრძელებთ ამ ფორმატის ფარგლებში პროგრესის ხელშეწყობას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. მისი თქმით, მისი მონდომება ამ მიმართულებით ისეთივე ძლიერია, როგორიც იყო.

„ქართული ოცნების“ მიერ 20 დეკემბერს წარგენილი წინადადების თანახმად, შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი დაკომპლექტდება პროპორციული წესით არჩეული 100 და მაჟორიტარული წესით არჩეული 50 დეპუტატით. ეს ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს.

ოპოზიცია თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის არ ასახავს საზოგადოების მთავარ მოთხოვნას - არჩევნების სამართლიანი პრინციპით ჩატარების შესახებ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ერთობას შორის მოლაპარაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა აგორდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ერთობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი 20 დეკემბერს სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG