Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ექიმ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა უკანონო პოლიტიკის ნაწილია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის გახანგძლივებას.

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

20 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს „ლენინგორის რაიონის“ (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG