Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ელჩებს ესაუბრა


უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს, - ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის საჭიროა გაწეული სამუშაოების გაძლიერება.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი თავის ოჯახს რაც შეიძლებს სწრაფად დაუბრუნდება.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც უკანონოდაა დაკავებული, ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა მოიძებნება.

20 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს „ლენინგორის რაიონის“ (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG