Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწის ნაკვეთების მითვისების ბრალდებით დაკავებულთაგან ოთხს პატიმრობა შეეფარდა


რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 22 დეკემბერს გვიან ღამით გამოტანილი განაჩენით, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებული ექვსი პირიდან ორს გირაო შეუფარდა, ოთხს კი, პატიმრობა.

მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროს დავით კავთიაშვილს 25 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტ ნინო გულბანს – 10 ათასი ლარის, ხოლო პატიმრობა შეეფარდათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბესიკ ლიპარტელიანს, რამაზ მარგველანს, ზურაბ ბარბაქაძესა და ვახტანგ ზურაბიანს.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფი 20 დეკემბერს დააკავეს.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილე ლევან ლაზარეშვილმა 20 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სისტემატურად ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის გზით თაღლითურად ეუფლებოდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისსა და თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.
მისივე თქმით, დანაშაულის შედეგად სახელმწიფომ 700 ათასი ლარით იზარალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის რამდენიმე ქვეპუნქტის მიხედვით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG