Accessibility links

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დესტრუქციულ ძალებს და მათ ტელევიზიებს არასტაბილურობა სურთ


არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „ნაციონალური მოძრაობა და მისი ტელევიზიები" დაადანაშაულა 2020 წლის არჩევნების დისკრედიტაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობაში.

„ფაქტია, და ყველანაირი მოვლენების ანალიზით იკვეთება, რომ ეს დესტრუქციული ნაწილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განშტოებები, ეს ხალხი, მისი ტელევიზიებით, ალაგებენ ამ თემას, რომ 2020 წლამდე შეინარჩუნონ ქვეყანაში არასტაბილური ფონი, მოახდინონ 2020 წლის არჩევნების დისკრედიტაცია და მოახდინონ იქაც დესტაბილიზაცია “, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „კვირის თემაში“ საუბრის დროს.

თალაკვაძემ გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა კომპრომისული ვარიანტი, რომელიც არჩევნების შერეულ მოდელში „პროპორციული არჩევნების წილის“ დაბალანსებას უზრუნველყოფს თანაფარდობით: პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, ნაცვლად 77-ის, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიანიშნა, რომ უპრიანად მიიჩნევს, თუ ასეთი შერეული მოდელით არჩევნები არა მხოლოდ მომავალ წელს, არამედ 2024 -ში ჩატარდება, რათა მთლიანად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებამ ქვეყანა არ მიიყვანოს ისეთ სერიოზულ სამთავრობო კრიზისამდე, რომელშიც სხვა განვითარებული ქვეყნები აღმოჩნდნენ.

„პროპორციული არჩევნების შემოღებამ, უკვე ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენზე ბევრად განვითარებულ სახელმწიფოებში: ეს არის გერმანია, ბელგია, ლატვია, იტალია და აგერ ბოლო მაგალითი, ისრაელი, სადაც ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამე არჩევნებს ატარებენ, - აი ამ ქვეყნებში პროპორციულმა არჩევნებმა მოიტანა სამთავრობო კრიზისები... პარლამენტები ვერ შეთანხმდნენ მთავრობის ფორმირებაზე და ზოგან სამი თვით, ზოგან ექვსი თვით და ზოგან უკვე ერთი წლით ბლოკირებულია სამთავრობო პროცესი... და ეხლა თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, ჯერ არ გადავსულვართ პროპორციულ არჩევნებზე და უკვე რა ტიპის პროცესში ვართ ამ ოპოზიციასთან, ხომ ხედავთ?! და ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პროპორციული არჩვენების შემდეგ რა იქნება ქვეყანაში, როდესაც ეს ადამიანები, რომლებსაც ხელში არაფერი არ უჭირავთ, გარდა დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების, ეს ადამიანები, რომ რაღაც რაოდენობის მანდატებს მიიღებენ პარლამენტში?“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ 22 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

ოპოზიციური ერთობის წარმომადგენელი 30-მდე პარტია მხარს უჭერს ე.წ. „გერმანული მოდელის“ შეჯერებულ პროექტს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საქართველოს მმართველ გუნდს და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, ადანაშაულებენ დაპირების შეუსრულებლობაში, რაც ითვალისწინებდა პროპორციული სისტემით 2020 წლის არჩევნების ჩატარებას.

„ქართული ოცნების“ ქმედებების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა 27 ნოემბერს ევროპარლამენტში გამართული დებატებიც. გამომსვლელები ასევე აღნიშნავდნენ, რომ კრიზისის დაძლევა მხოლოდ მხარეების მიერ მოძებნილი კომპრომისული გამოსავლით არის შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG