Accessibility links

site logo site logo

პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთი გაზს უკრაინის "მეხუთე კოლონას" მიჰყიდის


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“ აპირებს სანქციების დაწესების ინიცირებას იმ უკრაინული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ „გაზპრომს“ გაურიგდნენ.

ტელეკომპანია „უკრაინასთან“ ინტერვიუში პოროშენკომ თქვა, რომ ხუთმა უკრაინულმა კომპანიამ „გაზპრომთან“ მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის რუსული გაზის პირდაპირ მიწოდების შესახებ. პოროშენკოს შეფასებით, მსგავსი კონტრაქტები არა კომერციული, არამედ პოლიტიკურია და უკრაინის ეროვნულ ინტერესებს ემუქრება.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი გაზს შეღავათიან ფასად მიჰყიდის „მეხუთე კოლონას“, შემოსავალი კი დაიხარჯება პრორუსული პარტიების დასაფინანსებლად და უკრაინის სახელმწიფოებრიობის შესარყევად.

პეტრო პოროშენკომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება დაადანაშაულა „წითელი ხაზების“ გადაკვეთაში. პარტია „ევროპული სოლიდარობა“ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევას მოითხოვს.

21 დეკემბერს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა 29 დეკემბრამდე უნდა გააფორმონ ხუთწლიანი სატრანზიტო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს 65 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას, 2021 წლიდან კი - 40 მილიარდის. გარდა ამისა, უკრაინამ უარი თქვა „გაზპრომის“ წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ახალი სარჩელების შეტანაზე.

უკრაინამ რუსეთისგან გაზის პირდაპირ შეძენა 2015 წლის ნოემბრიდან შეწყვიტა და ევროპიდან რევერსული გაზით შეცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG