Accessibility links

logo-print logo-print

ავღანეთში დაიღუპა ამერიკელი ჯარისკაცი


ამერიკელი ჯარისკაცები საბრძოლო ამოცანის დროს

აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. სარდლობის 23 დეკემბერის ცნობაში არაფერია ნათქვამი დაღუპულის ვინაობაზე, არც იმაზე, თუ რა ვითარებაში დაიღუპა იგი.

ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზე პასუხისმგებლობა იკისრა დაჯგუფება თალიბანმა. ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს პრესს“ ტელეფონის საშუალებით აცნობა, რომ თალიბები 22 დეკემბერს თავს დაესხნენ ამერიკულ სამხედრო მანქანას ყუნდუზის, ჩარ დარას რაიონში.

მიმდინარე წლის განმავლობაში საბრძოლო დავალების შესრულების დროს ავღანეთში, სულ მცირე, ოცი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა. იქ მიმდინარე 18-წლიანი ომის განმავლობაში კი აშშ-მა 2400-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

ავღანეთში აშშ-ის 12-დან 14 ათასი ჯარისკაცი ასრულებს სხვადასხვა ამოცანას. ამერიკული ქვედანაყოფის ერთი ნაწილი, 8500 ჯარისკაცი, აშშ-ის ლიდერობით მოქმედ ნატოს კოალიციური ძალების შემადგენლობაში ასრულებს ადგილობრივი სამხედრო ძალების წვრთნის, მხარდაჭერისა და რჩევის მისიას.

ამერიკული დანაყოფი ატარებს ანტიტერორისტულ ოპერაციებს ექსტრემისტული დაჯგუფებების: თალიბანის, „ისლამური სახელმწიფოსა“ და ალ ყაიდის წინააღმდეგ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს, დაასრულოს შეიარაღებული კონფლიქტი ავღანეთში და გაიყვანოს სამხედრო ძალები, რაც მისი საპრეზიდენტო დაპირებაა.

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ გეგმავს ათასობით ჯარისკაცის გაყვანას ავღანეთიდან, რაც ორ მოკავშირე ქვეყანას შორის ურთიერთშეთანხმებას ეფუძნება.

ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის შემცირება დაიწყება სამი თვის შემდეგ, მაგრამ კონკრეტული თარიღის შესახებ შეთანხმება უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG