Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკა ყანდიაშვილი: ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კარგად სარგებლობს "ფეიკ ნიუსებით“


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ სოციალური ქსელებით ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად, ირწმუნება, რომ „ტროლებსა“ და „ბოტებში“ გარკვევა მხოლოდ ახლა სცადა.

„როცა ტელევიზორში გაცხადდა, რომ კოკა ყანდიაშვილი არის „ტროლების“ ფაბრიკის დირექტორი, უბრალოდ შევეცადე გავრკვეულიყავი, რა არის ეს „ტროლი“ და რა არის „ბოტი“. გავერკვიე ამ ამბავში და ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მთლიანობაში რომ ვთქვათ, რომ ეს პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, რაღაც სხვანაირად არის და სხვა ქვეყანაში სხვანაირად არის, ასე არ არის. ახალი ტექნოლოგია არის შემოსული და ამ ტექნოლოგიას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს“, - უთხრა ყანდიაშვილმა „პალიტრანიუსს".

„დაახლოებით მარტი იყო, თვის დასაწყისი, თქვეს ჩვენს რედაქციაზე, რომ ეს ტროლების ქარხანააო. ფეისბუკმა სულ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, რომ კოკა ყანდიაშვილი არაფერ კავშირში არ არის ამ ამბავთან და დაასახელა სხვა კომპანია, რომელიც რაღაცით არის დაკავებული. ამის მერე მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი იყო, არ ვიცი, აწყობთ ალბათ, ან ჩემი სახელი მოსწონთ. პირადად მე, ვებრძოდი, ვებრძვი და მომავალშიც ყოველთვის შევებრძოლები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების ამბავს. დღეს „ფეისბუქზე“ არის ასეთი სიტუაცია: თუ არ ხარ სააკაშვილის მომხრე, მაშინ შენ გწერენ, რომ ხარ „ტროლი“. აი, ამის წინააღმდეგი ვარ. ყველა ქვეყანაში, სადაც სოციალური ქსელები არის შესული, პრობლემა დგას იმის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი მდგომარეობის, შეუძლია შევიდეს და რაც უნდა დაწეროს. ჩვენთან, სამწუხაროდ, გადანაშაულებენ“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდა და „ფეიკ ნიუსები“ ძალიან საშიშია: „მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის ხელისუფლება, ოპოზიცია, მათ შორის კერძო ბიზნესი, ყველა ძალიან კარგად სარგებლობს ამ საშუალებით, როგორიცაა ფეიკ ნიუსი“.

კოკა ყანდიაშვილის განცხადებითვე, ფეისბუკის სახელით გავრცელებული ორი ტექსტი არსებობს, ოფიციალურ ტექსტში არაფერი წერია, ვის წინააღმდეგ მუშაობენ ეს გვერდები, დასავლეთის თუ ოპოზიციის, მეორე, ოპოზიციის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ ტექსტში კი უკვე წერია, რომ ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელსაც ეწევა „პანდა“ და ეს არის ოპოზიციის წინააღმდეგ.

20 დეკემბერს, ფეისბუკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გააუქმა საქართველოს, აშშ-ისა და ვიეტნამის ანგარიშების ე.წ. დაუკავშირებელი ქსელები, გვერდები და ჯგუფები „კოორდინირებული არაავთენტიკური ქცევის“ გამო. საქართველოს შემთხვევაში გაუქმებულია 418 ანგარიში, მათგან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში.

ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ დაეფარათ იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ფეისბუკის გამოძიებით, ეს ქმედება უკავშირდება საქართველოს სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ მთავრობას.

საქართველოს ხელისუფლებამ „ტროლებთან“ კავშირი უარყო, სააგენტო „პანდამ“ კი ცილისმწამებელთა მხილების პირობა დადო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG