Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანმა და დუნია მიატოვიჩმა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ისაუბრეს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შორის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი ჰუმანიტარული ხასიათის კრიზისებზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

„ზალკალიანმა დუნია მიატოვიჩს მიაწოდა ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. სატელეფონო საუბრისას, გამოითქვა მზადყოფნა, მხარეებმა შეინარჩუნონ მუდმივი კომუნიკაცია და გაცვალონ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე“, - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

20 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ მას ახალგორში დაშავებული პაციენტისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG