Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა 3 იანვარს დაიწყება


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შემოსავლების საკითხზე ბრალდებული ამავე კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.

წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ეს სწორედ იმ ტიპის საქმეა, რომელიც სამოქალაქო სამართლის დავის საგანია თავისი შინაარსით, მიუხედავად ამისა, აბსურდული ბრალი არის წარდგენილი.

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი განმარტავს, რომ საქმე არ აკმაყოფილებს არათუ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენების და საქმის არსებითი განხილვის დაწყების, არამედ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სტანდარტსაც კი.

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნებისმიერ პირს აფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს დანაშაულის შესაძლო ჩადენას. მეტიც, სამოქალაქო წესით რომ ეჩივლა ამ საქმეში დაზარალებულ პირს, ამ შემთხვევაშიც წარუმატებელი აღმოჩნდებოდა სარჩელი“, - აღნიშნავს საძაგლიშვილი.

ნიკა გვარამიას ინტერესების კიდევ ერთი დამცველი ბექა ბასილაია ყურადღებას პროკურატურის მოქმედებაზე ამახვილებს.

„უცნაურია, რომ პროკურატურამ არ დაკითხა ქიბარ ხალვაში, კახა ბექაური და ნიჟარაძე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პირები, რომელთა ინტერესები თითქოსდა შეილახა, რეალურად არანაირი დაზარალებულები არ არიან. პროკურატურამ იმისთვის, რომ სახე შეინარჩუნოს, დაკითხა იურისტი სალია და იურისტი ყავლაშვილი, რომლებიც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ათასგვარ სისულელეს ილაპარაკებენ და თითქოს დამაჯერებლობას შესძენენ ბრალდებას“, - მიიჩნევს ბასილაია.

პროკურორი კი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს დაუკმაყოფილა შუამდგომლობები - დაიკითხება რამდენიმე პირი, მათ შორის, ქიბარ ხალვაში, ნინო ნიჟარაძე და კახა ბექაური. „დაველოდებით, აღნიშნული მოწმეები სასამართლოს რა ინფორმაციას მიაწვდიან“, - ამბობს ბრალმდებელი.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, ნიკა გვარამიამ მისი ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე დაუთმო „ინტერ მედია პლუსს“ კომერციული რეკლამის განთავსების უფლება. შედეგად, როგორც ბრალდების მხარე ამბობს, 2015 წელს შპს „რუსთავი 2-ის“ ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა.

ნიკა გვარამიას თქმით, იმის გამო, რომ 2015 წელი რისკებს შეიცავდა, სწორი იყო წინასწარ დადგენილი თანხით ხელშეკრულების გაფორმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG