Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ელექტრონულ აუქციონზე იყიდება


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია და აგარაკები ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში 13 შენობა-ნაგებობაა განთავსებული, ტერიტორია 89, 978 კვ. მეტრს მოიცავს, მთლიანობაში შენობა-ნაგებობების საწყისი ღირებულება 55,711,500 ლარს შეადგენს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იქნება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიასა ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო ან საცხოვრებელი კომპლექსი. ამასთან, მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია.

ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მლნ ლარია. საპრივატიზაციო პირობებში მითითებულია, რომ ტერიტორიის განაშენიანება გენერალური გეგმის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რაც მწვანე საფარის სრულად დაცვას ითვალისწინებს.

წყნეთში არსებული სამთავრობო აგარაკები აუქციონზე გავიდა პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში. პროექტი კომერციულად მიმზიდველი ობიექტების აუქციონზე გამარტივებული წესით გატანას ითვალისწინებს.

კერძოდ, სამინისტროს თანახმად, გამარტივებული პროცედურა გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის, უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარაა მოგვარებული ისეთი იურიდიული საკითხები, როგორებიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG