Accessibility links

site logo site logo

დე ფაქტო მთავრობა ისტერიად აღიქვამს მოთხოვნას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ


ვაჟა გაფრინდაშვილი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისტერიად მოიხსენია საქართველოს და დასავლეთის პოლიტიკური წრეების მოთხოვნა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში საზღვრის დამრღვევები დამსახურებულ სასჯელს იხდიან და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ გამონაკლისი არ არის: „უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები, ზემოქმედების ადმინისტრაციული ზომების გამოყენების შემდეგ, დადგენილი წესით გადაეცემიან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. რაც შეეხება გაფრინდაშვილს, მისი ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელთა გამო იხდის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელს და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს მის პროფესიულ საქმიანობას. გაფრინდაშვილი არის ჩვეულებრივი კანონდამრღვევი, სხვადასხვა ძალის შიდაპოლიტიკური ბრძოლის მძევალი და ჩვეულებრივი პროვოკატორი და არა გმირი, როგორც მის წარმოჩენას ცდილობენ სამშობლოში.“

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებითვე, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის გახშირებულ ინციდენტებს კავშირი აქვს საქართველოს შიგნით პერმანენტულად არასტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციასთან: „მსგავსი პროვოკაციები ხდება ზუსტად სხვადასხვა საარჩევნო კამპანიის წინ. გაფრინდაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს პროვოკაციის ახალ სახეობასთან. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ფლობს სანდო მონაცემებს, რომ ქართული სპეცსამსახურები ეძებენ და ჰუმანიტარული პროფესიების ე.წ. იდეურ მოხალისეებს სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ უბიძგებენ მსგავსი დანაშაულისკენ. სამწუხაროა, რომ ცნობილი თბილისელი ექიმი, რომელსაც ცხადად ჰქონდა გააზრებული ამ პროექტის შედეგები, პროვოკაციაზე შეგნებულად წავიდა და ამით დააკმაყოფილა გარკვეული პარტიის პოლიტიკური მოთხოვნილება შიდა ოპონენტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. შედეგი ცნობილია - საქართველოს მხოლოდ ყველაზე ზარმაცმა პოლიტიკოსებმა არ ისარგებლეს ამ სიტუაციით, რათა პოლიტიკური რეიტინგი გაიუმჯობესონ“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დასავლელ მეგობრებს მიმართავს, სანამ მრისხანე განცხადებებს გააკეთებენ, უფრო სასარგებლო იქნება ჯერ საქართველოს შიგნით არსებულ რეალურ მდგომარეობას გაეცნონ და ამის შემდეგ იფიქრონ კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვაზე: „არავის აქვს უფლება დაარღვიოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრის რეჟიმი და მით უმეტეს, უსაფუძვლოდ მოითხოვოს დამნაშავეთა გათავისუფლება.“

20 დეკემბერს, „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ მას ახალგორში დაშავებული პაციენტისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG