Accessibility links

logo-print logo-print

მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ სახალხო დამცველის სარჩელი არსებითად განიხილება


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის კონსტიტუციურობას. თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულიყო გასაჩივრებული ნორმების მოქმედება.

სახალხო დამცველის მიერ დღეს, 24 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არსებითად განსახილველად 20 დეკემბერს მიიღო.

სარჩელში სადავოდ არის გამხდარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი, რომლის დროსაც არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.

სახალხო დამცველის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ორი მიმართულებით შეაფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას: რამდენად არღვევს მოქმედი რეგულაცია საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას და იწვევს, თუ არა მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას იმ თვალსაზრისით, რომ მათი საქმე შეიძლება განიხილონ გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად შერჩეულმა მოსამართლეებმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 20 დეკემბრის განჩინებაში პირველად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს პირის უფლებასაც, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს. ამავდროულად, პლენუმმა დაადგინა, რომ ყველა სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს სამომავლოდ გაუქმებას, თუ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნება გამოტანილი.

სახალხო დამცველის ცნობითვე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მნიშვნელოვანი სამართლებრივი განმარტება გააკეთა, რომლის მიხედვით კანდიდატებს, რომელთა შერჩევაც არ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, აქვთ უფლება მიმართონ საერთო სასამართლოებს ზოგადი წესის მიხედვით თავიანთი უფლებების დასაცავად. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ ტიპის პროცედურის განსაზღვრაზე საუბრობდა OSCE/ODIHR თავის სამართლებრივ დასკვნაში, მაგრამ კანონმდებლობაში პირდაპირი რეგულაცია არ გაიწერა.

სახალხო დამცველის განცხადებით, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომელშიც მოთხოვნილი იყო გასაჩივრებული ნორმების შეჩერება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს 1 ნოემბერს მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG