Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე კუხიანიძემ ლევან ხაბეიშვილს "ზონდერი" და "მატრაბაზი" უწოდა


თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე
თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე

თბილისის საკრებულოს წევრმა, ერეკლე კუხიანიძემ, „ნაციონალური მოძრაობის ზონდერ, ერთ-ერთი მატრაბაზის გიჟური გამოხტომა“ უწოდა საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტს. ​

„ცდილობს, რომ ფსიხოზში შეიყვანოს ქვეყანა, მაგრამ ეგ არ გამოუვა“, - უთხრა ჟურნალისტებს ერეკლე კუხიანიძემ გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე დღეს, 24 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი დოხტურიშვილს შორის. დაპირისპირებას წინ უძღოდა ხაბეიშვილის მოთხოვნა, რომ სხდომა დაეტოვებინა კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ერეკლე კუხიანიძეს. ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის ჩატარებას არ დაუშვებდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ერეკლე კუხიანიძის მიერ თბილისის საკრებულოს დატოვებას მას შემდეგ მოითხოვს, რაც მან 13 დეკემბერს ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა და ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს, საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი აქციის გამო, იდიოტები და პროვოკატორები უწოდა. მოგვიანებით, მან არაკორექტულობის გამო ბოდიში მოიხადა. საკრებულოდან ერეკლე კუხიანიძის წასვლას მოითხოვენ სხვა ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტებიც.

ერეკლე კუხიანიძეს გაემიჯნა თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, რომლის გადაწყვეტილებით, მას გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა და უმრავლესობა დაატოვებინეს. კუხიანიძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ საკრებულოს წევრის მანდატის დათმობას არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG