Accessibility links

logo-print logo-print

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის გამო დავით ზალკალიანი გაეროს გენმდივნის მოადგილეს ესაუბრა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ ტელეფონით ესაუბრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, როზმარი დიკარლოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების მიუღებლობას, აღინიშნა რომ ექიმის უკანონო დაკავება და პატიმრობა წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას და ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ხაზი გაესვა მსგავსი უკანონო ქმედებების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას“.

დავით ზალკალიანმა და როზმარი დიკარლომ იმედი გამოთქვეს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახლო მომავალში გათავისუფლდება.

20 დეკემბერს, „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლა და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ მას ახალგორში დაშავებული პაციენტისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG