Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალტუბოს ქალაქმშენებლობითი გეგმის პროექტებზე კონკურსი გამოცხადდა


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა „ქალაქ წყალტუბოს ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე“.

სამინისტროს განცხადებით, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმები აუცილებელია კურორტის ქაოსური, უსისტემო განაშენიანებისგან დაცვის, იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების და სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, რათა წყალტუბო ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი გახდეს.

საკონკურსო წინადადებების მიღება 2020 წლის 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება. კონკურსის გამარჯვებულმა ქალაქმშენებლობითი გეგმები უნდა შეიმუშაოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის ვადაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით ორ თვეში, წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე განისაზღვრება კურორტის ცენტრალურ ნაწილში არსებული საინვესტიციო ობიექტების განვითარების პარამეტრები, რაც შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი პირობებით, საპრივატიზაციოდ მოამზადოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გასასხვისებელი ობიექტები.

გენგეგმის საჯარო განხილვების პარალელურად დაზუსტდება საპრივატიზაციო ობიექტების რეკონსტრუქციისა და ახალი მშენებლობების მიზანშეწონილობა. ასევე, კომპლექსურად გაანალიზდება წყალტუბოს მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები. ქალაქმშენებლობითი გეგმები, ერთი მხრივ, კურორტს შეუნარჩუნებს ისტორიულ ღირებულებას და, მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის განვითარებას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ სამუშაოებს მინერალური წყლის საბადოს და კურორტის სანიტარული დაცვის ზონების დასადგენად. მონაცემები გადაეცემა გამარჯვებულ კონკურსანტს ქალაქმშენებლობით გეგმებში გასათვალისწინებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG